18:08 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 17:51:29, 216 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ სარჩელში მოყვანილ ინფორმაციასა და ელენე ხოშტარიას განცხადებაზე მიუთითა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის პარალონების, ფოიერვერკებისა და სხვა ნივთების მომარაგებას ეხებოდა. მან იკითხა, იყო თუ არა ეს კოალიციის ერთობლივი გადაწყვეტილება.

გვარამიამ უპასუხა, რომ პიროტექნიკის შეძენაზე პარტიული გადაწყვეტილება არ ყოფილა. მისი თქმით, ცალკეული ადამიანის სამართალდარღვევა ავტომატურად ვერც აქციას აქცევს ძალადობრივად და ვერც პარტიის აკრძალვის საფუძველი ხდება.

გოცირიძემ კითხვა ასე განავრცო: თუ პარტია თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ეხმარებოდა, შემდეგ კი აქციაზე ძალადობა მოხდა, უჩნდებოდა თუ არა მას გამიჯვნის ვალდებულება?

გვარამიას პასუხით, მოქალაქეებისთვის პლედებისა და საწვიმრების მიწოდება ძალადობის წახალისებას არ ნიშნავს. სხვა ვითარება იქნებოდა, თუ დამხმარეს ეცოდინებოდა ძალადობრივი მიზნის შესახებ და განზრახ შეუწყობდა ხელს მის განხორციელებას.

„პარტია არის კონკრეტული იურიდიული პირი და მისი დაშლა შეიძლება კონკრეტული მიზნის გამო და არა პლედების მიტანის გამო“, - თქვა მან.

გიორგი ლემონჯავამ „დროას“ ოფისის ჩხრეკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამოიღეს პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც.

ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ. ფოიერვერკებზე კი თქვა, რომ არ ახსოვდა, ამოიღეს თუ არა ისინი რომელიმე ოფისიდან.

გოცირიძემ გვარამიას ჰკითხა, თუ კონსტიტუციური წყობის დამხობა ძალადობრივ მოქმედებას გულისხმობს, როგორ შეიძლება არსებობდეს „მშვიდობიანი დამხობა“.

გვარამიამ უპასუხა, რომ ეს ფორმულირება მას არ გამოუყენებია და მის განმარტებას საკუთარ განცხადებად ვერ მოეთხოვდნენ. პარტიის აკრძალვაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ მოსარჩელემ პარტიის დღევანდელი ან სამომავლო ანტიკონსტიტუციური მიზანი უნდა დაადასტუროს.

მოგვიანებით მსჯელობა უშუალოდ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციას შეეხო. გვარამიას თქმით, კოალიციას მისი ორგანიზების იდეა პოლიტიკურად არასწორად მიაჩნდა და ეს პოზიცია საჯაროდ ჰქონდა გამოხატული. თუმცა პარტიის წევრებისთვის აქციაზე მისვლა არ აუკრძალავთ.

მისი განმარტებით, აქცია ძალადობრივ ღონისძიებად არ ყოფილა გამოცხადებული, ამიტომ მასზე მისვლა ძალადობაში მონაწილეობის განზრახვას არ ნიშნავდა. ცალკე შესაფასებელი იყო, ჩაერთო თუ არა კონკრეტული ადამიანი მოგვიანებით ძალადობრივ მოქმედებებში.

კითხვაზე, იყვნენ თუ არა აქციაზე კოალიციის ლიდერები, გვარამიამ უპასუხა, რომ ოთხივე ციხეში იყო.

„ოთხნი ხართ პარტიაში?“ - ჰკითხა სხდომის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.

„ოთხი ლიდერი ვართ“, - უპასუხა გვარამიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი - გრიგორიადისიც პოლიტპატიმარი იყო?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics