18:08 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 17:43:41, 229 ნახვა

სამართალი
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი - გრიგორიადისიც პოლიტპატიმარი იყო?

როგორ უნდა გაიმიჯნოს მშვიდობიანი პროტესტი ძალადობისგან და რა შემთხვევაში ეკისრება აქციაზე მომხდარზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიას - ამ საკითხებზე დაუსვეს კითხვები „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავენ.

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა ნიკა გვარამიას ჰკითხა, რა მომენტიდან სცდება პროტესტი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებს და როგორ უნდა შეფასდეს აქციაზე პიროტექნიკის, ქვებისა თუ „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება.

პოლიტპატიმრების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც თენგიზ თევზაძემ კოალიციის 2024 წლის 5 დეკემბრის განცხადება გაიხსენა. მისი თქმით, კოალიციას ორი მოთხოვნა ჰქონდა: აქციების დროს დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარიამ იკითხა, ვის მიიჩნევდნენ პოლიტპატიმრებად. პასუხებში საბა სხვიტარიძეც დასახელდა.

შემდეგ მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა ჰკითხა:

„გრიგორიადისსაც გულისხმობდით? გრიგორიადისი პოლიტპატიმარი იყო?“

მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ იმ დროისთვის გრიგორიადისი უკვე თავისუფალი იყო. მოსამართლეებმა კითხვა გაიმეორეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის მარტში ე.წ. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების შემდეგ დააკავეს. პროკურატურა მას პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლასა და პოლიციის ავტომობილის დაწვას ედავებოდა. 2024 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევდა. გრიგორიადისმა საპატიმრო 2024 წლის 24 აპრილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შემდეგ დატოვა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი - გრიგორიადისიც პოლიტპატიმარი იყო?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics