19:37 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-13 19:04:01, 309 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ

შეიძლება იშვიათად მოიძებნოს მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში ისეთი აღვირახსნილობა როგორიც დღეს 13 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გამოავლინეს. ისინი აშკარად არ მალავდნენ "ქართული ოცნების" მიმართ სიმპატიას და ოპოზიციური პარტიების მიმართ სიძულვილს.

ე.წ მოსამართლეებმა სრულიად გააშიშვლეს საკუთარი თავი და რეჟიმიც, სადაც ღიად გამოხატავდნენ მის პოზიციებს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითებზე. განსაკუთრებული გაწიწმატება ორ მოსამართლეს ეტყობოდა თავმჯდომარე ნადარაიას, რომელსაც ამ სხდომების შემდეგ სამეგრელოში არ უნდა ჩაესვლებოდეს და ევა გოცირიძეს, რომელიც გამოიყურება როგორც საშუალო სტატისტიკური ქოცი ქალი, რომელსაც "სუპი აქ სუპსა ჭამს" და არა საკონსტიტუციოს მოსამართლე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ მოსამართლეებს ვერდიქტი გამოტანილი აქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსამართლეთა შემოწმების პროცესში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა მეცხრე საუკუნეში სლავური ტომების მიერ ვიკინგების სამართავად მოწვევას შეადარა.

„მობრძანდით და გვმართეთო - აი, ამ ფაქტთან ასოციაციას იწვევს ეს... მეცხრე საუკუნის რუსეთში დაბრუნებას გვთავაზობთ თუ რა?“ - ჰკითხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

ლევან ბეჟაშვილმა ეს შედარება ინიციატივის არასწორ ინტერპრეტაციად შეაფასა. მისი განმარტებით, განხილული მოდელი უცხოელი ექსპერტებისთვის მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭებას არ გულისხმობდა. მათ საკონსულტაციო ფუნქცია ექნებოდათ, საბოლოო გადაწყვეტილებებს კი იუსტიციის საბჭო მიიღებდა.

ვეტინგზე - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციისა და ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების მექანიზმზე - საუბარი „ქართული ქარტიის“ განხილვისას დაიწყო. გოცირიძემ იკითხა, რატომ იყო ამ პროცესში უცხოელების მონაწილეობა აუცილებელი და რამდენად შეესაბამებოდა ეს სახელმწიფო სუვერენიტეტს.

ბეჟაშვილმა განმარტა, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა პროცესისადმი ნდობას გაზრდიდა და შეამცირებდა ეჭვს, რომ პოლიტიკური პარტიები სასამართლოს საქმიანობაში ერეოდნენ. მან უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთის გამოცდილებაც მოიყვანა.

კითხვები აქციების დაშლასა და ძალადობის ფაქტებზე

13 ნოემბრის სხდომაზე მოსამართლეებმა ენმ-ის წარმომადგენლებს კითხვები საპროტესტო აქციებზე ძალადობის ფაქტებისა და მათგან პარტიის გამიჯვნის შესახებაც დაუსვეს.

ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი პასუხებში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებებზე საუბრობდნენ.

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა ენმ-ის წარმომადგენლებს ბოლო წლების აქციების შეფასება სთხოვა. მისი კითხვები ადმინისტრაციული შენობების დაზიანებასა და სამართალდამცავებზე თავდასხმის ფაქტებს შეეხებოდა.

ანა წითლიძემ უპასუხა, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციები მშვიდობიანი იყო და ძალადობა სპეცრაზმმა დაიწყო.

„მე შემიძლია განახოთ 500 დარბეული და ნაცემი საქართველოს მოქალაქე“, - თქვა მან.

წითლიძის თქმით, მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ.

ევა გოცირიძემ იკითხა, იყო თუ არა ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება. მან აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ ძალის გადამეტება აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ცალკეული ძალადობრივი ეპიზოდების გამო მთელი აქციის ძალადობრივად შეფასება დაუშვებელია. მან თქვა, რომ ათიათასობით მშვიდობიან მონაწილეს კონკრეტულ შეტაკებებთან კავშირი არ ჰქონდა, პოლიცია კი მათ წინააღმდეგაც იყენებდა ძალას.

ბეჟაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, როდის დაიწყო ძალადობა და არსებობდა თუ არა პოლიციის ჩარევის საფუძველი. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ, სპეცრაზმი კი მათ მაინც შლიდა და ქუჩებში მისდევდა.

მოსამართლეების კითხვაზე, გააკეთა თუ არა პარტიამ ძალადობრივი ეპიზოდებისგან გამიჯვნის განცხადებები, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ ცალკეულ შემთხვევებზე სპეციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ. მისი თქმით, პარტიის განცხადებები პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ეხებოდა.

20 ივნისი და ცესკოსთან აქციის დაშლა

მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა ენმ-ის წარმომადგენლებს 2019 წლის 20 ივნისისა და 2020 წლის 8 ნოემბრის აქციებზეც ჰკითხა.

წითლიძემ 20 ივნისის პროტესტს ანტისაოკუპაციო აქცია უწოდა და თქვა, რომ მას არ გაემიჯნებოდა.

სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, დააზუსტა, რომ კითხვა ცალკეული ძალადობრივი ქმედებებისგან გამიჯვნას ეხებოდა.

ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ენმ მხარს უჭერს მშვიდობიან, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად გამართულ აქციებს, ძალადობრივი გამოვლინებები კი მიუღებელია.

ცესკოსთან 2020 წლის 8 ნოემბრის აქციაზე საუბრისას ბეჟაშვილმა თქვა, რომ თავადაც იქ იმყოფებოდა და პოლიციამ შეკრებილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. მისი თქმით, შენობაში შეჭრის მცდელობა არ ყოფილა და გარემოებების შესაფასებლად სასამართლომ კონკრეტული მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.

განხილვა შეეხო 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციასაც. ევა გოცირიძემ იკითხა, როგორ შეიძლებოდა პრეზიდენტის სასახლის „გასაღების ჩაბარების“ მოწოდება მშვიდობიან მოქმედებად გაგებულიყო. მან ასევე იკითხა, გაემიჯნენ თუ არა ენმ-ის წარმომადგენლები სასახლის ეზოში შეჭრას.

ბეჟაშვილმა თქვა, რომ გასაღების ჩაბარებას სიმბოლურ გამოთქმად აღიქვამდა და ენმ, როგორც პარტია, ამ გადაწყვეტილების მიღებასა და ორგანიზებაში არ მონაწილეობდა.

წითლიძის თქმით, პარტიაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობდა. თავად აქციას მხარს უჭერდა და ეს მისი პირადი პოზიცია იყო. მან ხელისუფლებას არალეგიტიმური უწოდა და განაცხადა, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებების დასაცავად პროტესტის უფლება აქვთ.

4 ოქტომბრის აქციის განხილვისას ენმ-ის წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის სასამართლო სხდომაზე მოყვანა მოითხოვეს, რათა მოსამართლეების კითხვებისთვის თავად ეპასუხათ.

სხდომაზე საკუთრების ჩამორთმევის საკითხიც განიხილეს. ევა გოცირიძე ენმ-ის წარმომადგენლებს ეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა სარჩელში მოყვანილი ბრალდებების გაქარწყლება და ყურადღებას სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების გადაცემაზე ამახვილებდა.

ანა წითლიძის თქმით, კომისიაში განხილული 70 საქმიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ 11-ზე დადგა. მან თითოეული საქმის ცალ-ცალკე შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამ საკითხზე კამათისას გოცირიძემ თქვა: „არ მაქვს უფლება დავსვა შეკითხვა? ძალიან ნუ დამატერორებთ, თუ შეიძლება“.

მანამდე, სხდომის დასაწყისში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ევა გოცირიძის აცილება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და დაინტერესდა, არჩევნების არ აღიარება ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება შეფასდეს, და ხომ არ შეამცირებს პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ხომ არ მიაყენებს უფრო მეტ ზიანს.

საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი პრაქტიკა, რომ თითქმის ყოველი არჩევნების მერე, ხან ერთი, ხან მეორე, ხან ყველა პარტიის მიერ მიდის მუდმივად განცხადებები: არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა. არის ბოიკოტის მოთხოვნა, არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნა, მათ შორის უცხოელებთან თხოვნა ამის თაობაზე, რომ არ ცნოთ საქართველოს ხელისუფლებაო. ამას თან ახლავს საპროტესტო აქციები, რომლებიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება ხოლმე. ხომ არ იწვევს ეს ზოგადად არჩევნების იდეის დისკრედიტაციას? მუდმივად მაღალი ტონუსი, რომელიც არის საქართველოში შენარჩუნებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, პირველი პრეზიდენტის ბედი ასე დამთავრდა, მეორე პრეზიდენტის ბედი ასე დამთავრდა, ეს მთლიანობაში დაბალი პოლიტიკური კულტურის და გემოვნების მაჩვენებელი ხომ არ არის და უფრო მეტ ზიანს ხომ არ აყენებს ქვეყანას, ვიდრე ზოგჯერ რაღაცის მოთმენა?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

გოცირიძის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ უპასუხა. როგორც წითლიძემ თქვა, ისინი ვერასდროს შეეგუებიან იმას, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული არასდროს იქნება.

„თქვენ გამოტოვეთ - მესამე პრეზიდენტმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ნახა, რომ არჩევნები წააგო. ქალბატონო ევა, რა მოვითმინოთ? საქართველოს კონსტიტუციური წეს-წყობილების ხელყოფა? რა მოვითმინოთ ? გაყალბებული არჩევნები, როდესაც არჩევნების უფლებას ართმევენ საქართველოს მოქალაქეებს? რა მოვითმინოთ? საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქუჩაში ურტყამენ? რა მოვითმინოთ? პოლიტიკური პატიმრები რომ გვყავს, გაზით რომ გვწამლავენ, არჩევანის უფლებას რომ არ გვიტოვებენ, სახელმწიფო რომ მიტაცებული აქვთ? მე არც ვთლი თავს რეპრესირებულად, ციხეები აქვთ ადამიანებს გამოვლილი. თქვენ გგონიათ, რომელიმე ჩვენგანის მიზანი ის არის, რომ ციხეში იყვნენ ან ქუჩაში ვიყოთ და ვიბრძოლოთ? არ არის ეს ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი თვითმიზანი ის კი არ არის, რომ არჩევნები მუდმივად არ ვაღიაროთ. მთავარი მიზანი არის, რომ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამშვიდდეს, ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს, დემოკრატიული განვითარებისთვის გზას დაუბრუნდეს, იმისთვის რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში და ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებმა მოიპოვონ წართმეული სახელმწიფო და თავისუფალი და სამართლიანი შესაძლებლობა მოიპოვონ. შესაბამისად, სანამ ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ, მანამ, რას შევეგუოთ? მონობას შევეგუოთ და იმას შევეგუოთ, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი და დემოკრატიული არასდროს არ იქნება ? ამას ვერასდროს ვერ შევეგუებით!“- განაცხადა წითლიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics