|
2026-11-11 22:08:21, 294 ნახვა
სამართალი
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
პრორუსული პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი, პუტინისტი ბიზნესმენი მამუკა ფიფია, Sputnik საქართველოსთვის დაწერილ პუბლიკაციაში "3+3" ფორმატში საქართველოს მონაწილეობასა და რუსეთთან სტრატეგიული კავშირის საჭიროებებზე საუბრობს. ფიფიას თქმით, მისი პარტია საქართველოს "3+3" ფორმატში მონაწილეობის შესახებ სერგეი შოიგუს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოება აღნიშნულ საკითხზეა დამოკიდებული. "[...] "3+3" ფორმატში კიდევ ხუთი სახელმწიფო მონაწილეობს, მაგრამ უნდა გვესმოდეს: მომდევნო 50 წლის განმავლობაში საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაღები სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში მიღწეულ პირდაპირ შეთანხმებებშია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთო ენას გამოვნახავთ და მეზობლებთან პირდაპირ ხიდებს ავაგებთ, გარეშე, არარეგიონული მოთამაშეები ჩვენს პროცესებში ჩარევას ვეღარ შეძლებენ." - წერს პრორუსული პარტიის ლიდერი მამუკა ფიფია. კერმლის მხარდამჭერი ქართველი ბიზნესმენის მტკიცებით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არსებული ყველა პრობლემა უცხოური გავლენებით არის განპირობებული. "სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ყველა ჩვენი შიდა უთანხმოება, ურთიერთპრეტენზია და პრობლემა მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ მათზე გარედან ახდენენ გავლენას. ყურადღება მიაქციეთ, რა დესტრუქციულად ცდილობენ გარეშე, არარეგიონული ძალები თურქეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და თავად საქართველოზე ზემოქმედებას, რითაც მხოლოდ საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან და ჩვენს ერთმანეთზე გადაკიდებას ცდილობენ." - აღნიშნა ფიფიამ. მისი თქმით, რუსეთს უწევს "მარტო დაიცვას საკუთარი ინტერესები". ამასთან, კრემლის მხარდამჭერი ბიზნესმენი რეგიონის "უცხოების ბატონობისგან" დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს. "ამ პირობებში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს რეგიონში უცხოებმა იბატონონ და ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდონ. აუცილებელია, ერთ მუშტად შევიკრათ." - წერს ღიად პრორუსული პარტიის ლიდერი. ფიფიას განცხადებით, ძალისხმევა "რეალური ინტერესების გარშემო" უნდა გაერთიანდეს, რაც მისი თქმით, "რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიულ კავშირს" გულისხმობს. "დროა, ძალისხმევა რეალური ინტერესების გარშემო გავაერთიანოთ და რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალიანსი საქართველოს უდიდეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ზრდას მოუტანს, რაც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება. ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ღია საზღვრებს, იაფ ენერგიასა და ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას." - განაცხადა პუტინისტმა ბიზნესმენმა. ფიფიას თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ეს და სხვა წინადადებები უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაჟღერდება. ცნობისთვის, დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების ყოველწლიურ შეხვედრაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ რეგიონული საკითხები მის გარეთ მყოფი ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს და ამ კონტექსტში მან "3+3" ფორმატის მუშაობის განახლების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. "ხაზს ვუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს." - დაამატა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. 3+3 ექვსმხრივი პლატფორმაა, რომელიც ორი "სამეულის" შეხვედრას გულისხმობს. მასში, ერთი მხრივ, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთი, ირანი და თურქეთი მოიაზრებიან. ინიციატივის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა. საქართველოს ამ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)