|
2019-03-14 11:12:18, 1600 ნახვა
რეგიონი
გიორგი გახარიამ სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პოლიციელებს პირადად შეხვდა. გიორგი გახარია თავდაპირველად სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ახლადგახსნილი ცხრაწყაროს საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა. დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი კაპიტალური ბაზა აშენდა, რაც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული მილსადენების საქართველოს მონაკვეთის ნაწილი წალკა-ტაბაწყური-ბაკურიანის ყველაზე რთულ დასაცავ პერიმეტრზე გადის. ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში -10-დან -35 გრადუსამდე ეცემა. პროექტის ფარგლებში ბაზაზე შეიცალა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაც, კერძოდ, დამონტაჟდა „ბულეტ" ტიპის ანალიტიკური ფუნქციის მქონე სტატიკური კამერები, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა. ბაზა ასევე აღიჭურვა მოძრავი ვიდეოკამერით, რომელიც ექსტრემალურ პირობებში შეუფერხებლად მუშაობს. ცხრაწყაროს საგუშაგოს შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მშენებარე პოლიციის შენობა დაათვალიერა. ბაკურიანის ახალი პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი ზაფხულში გაიხსნება. მზარდი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით, ახალ შენობაში ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლების გარდა, სეზონურად საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც განთავსდებიან. გიორგი გახარიამ, ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება. შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოებსაც ესტუმრა, მათ შორის ახალქალაქის განახლებული პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასპინძის ბაზაც დაათვალიერა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პირადად გააცნო. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს, სამცხე ჯავახეთის რეგიონს სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შინაარსობრივი რეფორმები და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება. შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაც იმას ნიშნავს რომ საპოლიციო საქმიანობას მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის და მომზადებული კადრები განახორციელებენ. ამჟამად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 24 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)