17:54 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-15 17:29:24, 270 ნახვა

პოლიტიკა
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ

მეუფე იობის სიტყვა მართლაც მართლმკვეთელი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის და მან თქვენ ბევრს ჩამოგხადათ ნიღაბი, ვითომ ქრისტიანობისა და ვითომ ეკლესიურობისა, დაგანახათ ნამდვილი სახე ფარისევლობის - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა.

„ვის კისერზე იქნება ეს ახალგაზრდობა თვითმკვლელობით, სუიციდთ რომ ასრულებს სიცოცხლეს იმიტომ, რომ ნარკოტიკებით გაბრუებულები აზარტულ თამაშებში ჩართულები თავის თავს აღარ ეკუთვნიან და ეშმაკის კერძად ხდებიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. ძველ ჩინეთში ერთ ბრძენს ჰკითხეს, როგორია ძლიერი სახელმწიფოო. მან უპასუხა: ეს არის მტკიცე კედლები, ზღუდეშემოვლებული და შიგნით სავსე ბეღლებიო. ე.ი გამოდის, რომ ჩვენ კედლები მორღვეული გვაქვს, არ გვაქვს საბაჟო და ასე შემდეგ. ეს ნარკოტიკები ციდან ხომ არ ცვივა?! ე.ი. შემოდის და მერე ამის რეალიზაცია ხდება. გამოდის, რომ ვიღაც მფარველობს მას. ჩვენ კი ვხედავთ ტელევიზიით, რომ შეიძლება დღე არ გავიდეს, ვინმე არ დაიჭირონ, მაგრამ შედეგს ბრძოლა კი არ უნდა - მომხმარებელი უკვე არის ავად, მისთვის სტაციონარი უნდა ავაშენოთ, დავეხმაროთ. ის კი არა, მეთადონის პროგრამა რომ არის, ცალკე მაფიად რომ გადაიქცა, იქ რომ ადამიანი შედის და იქიდან განკურნებული ადამიანი, მე არ მინახავს. პირიქით, რაღაც ვიზრუნოთ ამ კუთხით. და ამას ჩვენ რომ გეუბნებით, ამიტომ ვართ ქვეყნის მტრები? და ამიტომ არის მეუფე იობი ქვეყნის მტერი?

რა თქვა მან? მე ვიცი, რამაც გაგაღიზიანათ ყველაზე მეტად ახლა, ზოგს რომ უნდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად თქვას, თითქოს მეუფემ თქვა, რომ დავამხოთ ხელისუფლება, რევოლუცია მოვაწყოთო. მან თქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ამ ნარკოტიკებთან ერთად ჩვენი მიწა-წყლის უცხოტომელებზე გასხვისება და სხვა მრავალი პრობლემა, მომავალში უკეთესი უნდა ავირჩიოთ, როცა არჩევნები იქნება. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ეს ხომ თქვენ გითხრათ, რომ თქვე დალოცვილებო, მოდით, დავსხდეთ, ეკლესიასა და სახელმწიფოს კონკორდატი ისედაც გვაქვს და გვიწერია, რომ ურთიერთთანამშრომლობით, ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის უნდა გვქონდეს ეს ურთიერთობები. მაგრამ არა ისეთი მანკიერი - მანკიერში ვგულისხმობ: თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, ნებისმიერი რიგითი მოქალაქეები ხართ, ამ ქვეყნის შვილები, რა თქმა უნდა, ჩვენი დედაეკლესიის შვილები. მაგრამ ასე ნუ გაუუცხოვდებით ხალხს, რადგან ჩვენი მოწოდება რა არის? რომ მოვძებნოთ გამოსავალის გზები. რა თქმა უნდა, ისიც აღნიშნა მეუფემ, რომ ბევრი კარგიც კეთდება. ეს ყველაფერი განა ვინმეა დაუნახავი, რაც გაკეთებულა, მაგრამ ახლა რა გამოწვევების წინაშეც ვართ, ამაზე დუმილი, პირიქით, უფრო არ არის ღალატი ქვეყნისა და ჩვენ ღვთის წინაშე გვავალდებულებს. იმიტომ, რომ ჩვენს უკან ჩვენი სამწყსოა ღვთისაგან მობარებული.

აი, ახლა ერთ-ერთმა თქვა ტელევიზიაში: თქვენ რომ დაგიდგამთ თავზე და ზიზილპიპილოები ჩაგიცვამთ და თავი რაღაც გგონიათო. ასეთი მკრეხელობა, იცით, ეს რას ნიშნავს? მღვდელმთავარს რომ უკეთია, ეს არის, რომ ქრისტე მაცხოვარმა, მწყემსმა კეთილმა, რომელმაც იტვირთა მწყემსმა კეთილმა სიტყვიერი ცხოვარი და მამას მიჰგვარა, და ეს ტვირთი ადევს ყველა მღვდელმთავარს და პასუხისმგებელი იქნება ყველა თავისი სამწყსოს წევრზე და ერზე, თუკი ის კეთილსინდისიერად არ მოემსახურა და ერის კეთილდღეობას, დედაეკლესიის თითოეული თქვენგანის კეთილდღეობას არ შეუწყო ხელი სულიერსა და ისე ფიზიკურს. ეს მიტრა, თურმე, თავზე რომ დაგიდგიათო. მიტრა ქრისტე მაცხოვრის ეკლის გვირგვინს განასახიერებს და ეს ბისონი თქვენთვის ზიზილ-პიპილოებია? აი, ეს არის თქვენი ეკლესიურობა და სარწმუნოება?

მეუფე იობის სიტყვა მართლაც მართლმკვეთელი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, და მან ბევრს ჩამოხადა ნიღაბი ვითომ ქრისტიანობისა და ვითომ ეკლესიურობისა, დაგანახათ ნამდვილი სახე ფარისევლობის, რადგან მორწმუნე ქრისტიანი ასეთ ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს, რაც არ უნდა მკაცრად მოგჩვენებოდათ მისი სიტყვა, ასეთ ზღვარგადასულ ქვების სროლას, ცილისმწამებლურ კამპანიას არ დაიწყებდა. პირიქით, იტყოდა: წმინდა მამაო, რაზე სწუხხართ, რა არის თქვენი წუხილი, ჩამოვალთ, მოგისმენთ, იქნებ ერთად გვითხრათ გზები გამოსწორებისაო. მაგრამ ამის ნაცვლად რას აკეთებენ? თითქოს ჩვენ ვართ შეთქმული ადამიანები და მიზანმიმართულად ისიც კი ინერგება, თითქოს ჩვენ განხეთქილების მომწყობები ვართ ეკლესიაში.

ვის თუ არა მეუფე იობს ესმის და ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ამას გვასწავლიდა და გვასწავლის, რომ საქართველოს ეკლესია არის ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი ნაწილი ქრისტეს მისტიური სხეულისა, რომლის თავი ანუ უფალი ჩვენი იესო ქრისტეა, და ვერასდროს მტერი ვერ ეღირსება საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების შეტანას. ასე რომ, არ გინდათ რაღაც შეთქმულების თეორიების შემოგდება. ჩვენ არ ვიქნებით არასოდეს ამ რაღაცის წამომწყები, დამერწმუნეთ, და ჩვენ ასეთ ნაბიჯს არასოდეს არ გადავდგამთ. ჩვენ გვტკივა და ჩვენ გვაწუხებს ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, და უბრალოდ დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოსწორება“,- განაცხადა ეპისკოპოსმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics