|
2018-06-29 17:32:44, 791 ნახვა
ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დადებითად აისახება
„საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას შეეხებოდა. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ინოვაციების და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას. მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 689 ერთეულს გაუტოლდა. გიორგი ჩერქეზიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასებაზე „შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების" ფარგლებში და ასევე საქართველოში ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვაზე. მიმოხილვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ამ შეფასებით ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება იმის საფუძველია, რომ გარტარდეს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა განათლების, ინფრასტრუქტურული მოწყობის და სხვა რეფორმები, რომლებიც სწრაფ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ასევე საგარეო შოკებისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 4.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის დასკვნები და შეფასებები ნათლად მიანიშნებს სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)