12:13 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-23 11:34:35, 282 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ. გლდანის ციხე მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს.

„ყველაფერი მეჩვენება დიდი, რადგან 4 კედელში ხარ ჩაკეტილი და 7 ნაბიჯი გაქვს სასიარულო და ისიც 6 კაცი ხართ საკანში და როცა გამოდიხარ, სამყარო დიდი გეჩვენება... ბიჭებს მოვიკითხავ შიგნით, პირველ რიგში, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვისურვებ და მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ. არ ველოდი, სიმართლე რომ გითხრათ. ისევ ვიბრძოლებ“ - თქვა პროდასავლურ აქციაზე დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი მინდაძესა და ანრი კვარაცხელიას (რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს) გამოძიება და პროკურატურა ძირითადად პოლიციელებზე თავდასხმასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

თითოეული მათგანის მიმართ წაყენებული კონკრეტული ბრალდებები და საქმის დეტალები:

  • ნიკოლოზ ჯავახიშვილი: მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, ის აქციების მიმდინარეობისას სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში, სამართალდამცველების მისამართით ისროდა სხვადასხვა საგნებსა და პიროტექნიკას, რითაც საფრთხეს უქმნიდა პოლიციელების ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

  • გიორგი მინდაძე: სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს — პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, აქციის დროს მან პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით პიროტექნიკა (ფეიერვერკი) ისროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

  • ანრი კვარაცხელია: მასაც ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) ჰქონდა წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მან სამართალდამცველებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ (აალებადი სითხით სავსე ბოთლი) ესროლა.

სამივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებულები, მათი ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციები წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებოდნენ, საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ და მიუთითებდნენ მტკიცებულებების არასაკმარისობაზე.

 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
თიბისის დაუჯერებელი Black Friday
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics