10:23 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-14 10:01:45, 241 ნახვა

რეგიონი
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times

რუსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ ნატომ თავისი ჯარები და სამხედრო ბაზები გაიყვანოს იმ პოზიციებზე, რომლებიც ალიანსმა 1997 წელს დაიკავა, სანამ აღმოსავლეთისკენ გაფართოებას დაიწყებდა. ეს მოთხოვნა, მოსკოვის სხვა პირობებთან ერთად, ასახულია დოკუმენტში, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებმა ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს გაავრცელეს, იუწყება The New York Times, მოლაპარაკებების მონაწილისგან მიღებულ ასლზე დაყრდნობით. დისკუსიებთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა წყარომ დაადასტურა დოკუმენტის ავთენტურობა.

დოკუმენტი 10 ნოემბრით თარიღდება და ასახავს რუსეთის პოზიციას აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე, სადაც აშშ-ის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები თებერვლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. გამოცემის ცნობით, მოსკოვის ძირითადი მოთხოვნები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც რუსეთმა მოითხოვა, რომ ნატოს უარი ეთქვა შემდგომ გაფართოებაზე და მნიშვნელოვნად შეეზღუდა სამხედრო საქმიანობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

ახალ დოკუმენტში მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს ქვეყნებმა თავი აარიდონ ალიანსის შემდგომ გაფართოებას, ასევე „ნებისმიერ სამხედრო აქტივობას“ უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა (ნატოს აქტიური პროგრამები მხოლოდ საქართველოში ტარდება)  და ცენტრალური აზიის სხვა რეგიონებში.

რუსეთი ასევე მოითხოვს უკრაინისთვის დასავლური იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და თავდაცვის პროდუქტების მიწოდების შეწყვეტას. მოსკოვი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლებას აძლევს იმ პირობით, რომ კიევი არ მიიღებს მონაწილეობას კავშირის საერთო თავდაცვის პოლიტიკაში.

გარდა ამისა, რუსეთი მოითხოვს, რომ საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გამორიცხონ თავიანთი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა სხვა ევროპული სახელმწიფოების დასაცავად. 2021 წელს მოსკოვმა ნატოსგან ბირთვული იარაღის გაზიარების მექანიზმების უარყოფა მოითხოვა, რაც აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ამერიკული ბირთვული არსენალის დაცვით.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, დოკუმენტი არ შეიცავს ხელმოწერას ან ოფიციალურ დეტალებს და წარმოადგენს ე.წ. „ნონ-პეიპს“, დიპლომატიურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ერთ-ერთი მხარის პოზიციას. მომლაპარაკებლები აღნიშნავენ, რომ მასში მოცემული მოთხოვნები ასახავს მოსკოვის საწყის პოზიციას, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ვლადიმერ პუტინი შეიძლება მოქნილი იყოს.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა ასევე წარმოადგინეს ცივი ომი და საბჭოთა კავშირის მიერ ხელმძღვანელობით მოქმედი ვარშავის პაქტი, როგორც ომისშემდგომი ევროპული წესრიგის მოდელი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კონტინენტის ამერიკულ და საბჭოთა გავლენის სფეროებად დაყოფა, ასევე მათ შორის კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების არსებული მექანიზმები, ამცირებდა კონფლიქტის რისკს.

ამერიკულმა მხარემ, თავის მხრივ, მოსკოვს მოუწოდა, გაითვალისწინოს 2021 წლის დეკემბრიდან მომხდარი ცვლილებები და ყურადღება მომავალზე გაამახვილოს. აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ტრამპის წარმომადგენლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მზად არიან განიხილონ რუსეთის ახალი წინადადებები, რომლებიც დაძაბულობის შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს.

აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ვიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ხუთშაბათს პუტინს შეხვდნენ. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი კვლავ მიიჩნევს, რომ 2021 წლის რუსული წინადადებები ასახავს „ჩვენს ხედვას განუყოფელი უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლების შესახებ“.

მოსკოვიდან ამერიკელი წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ კუშნერმა განაცხადა, რომ ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხუთშაბათს უარყო მოსკოვის მოთხოვნები და განაცხადა, რომ მათი მიღება პოლონეთის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის. მან განაცხადა, რომ რუსეთის პირობები მიუღებელია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics