20:03 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 19:44:53, 305 ნახვა

სამართალი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებების განმარტება სთხოვა.

მან იკითხა, რატომ ითხოვს მოსარჩელე სასამართლოსგან იმ გარემოებების დადასტურებას, რომელთა აღიარებასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად უთვლის.

კითხვა შეეხებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დოკუმენტის მხარდაჭერას ედავება.

„რადგან თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ინტერესების ღალატი, მაშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რატომ უნდა დაადასტუროს იგივე და ჩაიდინოს იგივე, რასაც თქვენ საყვედურობთ ნაციონალურ მოძრაობას?" - იკითხა გოცირიძემ.

მოსამართლემ ასევე მოითხოვა განმარტება, რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მაშინდელი ხელისუფლების მიზანი საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა იყო.

„თქვენ ასევე გაქვთ იმის სარწმუნო მტკიცებულებები, რომ მიზანი ის იყო, რომ საქართველოს დაეკარგა ეს კონტროლი საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე, თუ ეს იყო უბრალოდ არაგონივრული პოლიტიკის შედეგი, შეცდომის შედეგი, დაუფიქრებელი მოქმედება, თუ ეს იყო წინასწარ განზრახული?“ - იკითხა გოცირიძემ.

პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თქვა, რომ სასამართლოსგან არ ითხოვენ იმის დადგენას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი ან ვინ ჩაიდინა ომის დანაშაულები. მისი განმარტებით, ბრალდება თავად რეზოლუციის მხარდაჭერას ეხება: გორდულაძის მტკიცებით, ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან აღიარა დოკუმენტში აღწერილი ქმედებები, ან საკუთარ სახელმწიფოსა და სამხედროებს დაუსაბუთებლად დააბრალა ისინი.

„ერთიც კონსტიტუციის დარღვევაა და მეორეც კონსტიტუციის დარღვევაა“, - განაცხადა გორდულაძემ.

გოცირიძემ დამატებით იკითხა, როგორ უნდა შეაფასოს სასამართლომ სამართლებრივი კრიტერიუმებით სარჩელში მოყვანილი მტკიცება, რომ რეზოლუციის მხარდაჭერამ რუსეთის პოლიტიკური პოზიცია გაამყარა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რეზოლუციას მხარი ომის დასრულების შემდეგ დაუჭირეს.

„ამ დაბრალებით დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა თუ ომის შედეგების გამო?“ - იკითხა მოსამართლემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics