22:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 22:22:28, 297 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ის სასამართლო სხდომების დახურვას "დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლოინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას" უწოდებს.  ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის "ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა".

ბრალდებული ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ მისი სხდომების დახურვა "პოლიტიკური იზოლაციის" ნათელი მაგალითია და მიზანი "პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანაა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება". ღარიბაშვილი ასევე წერს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, პროცესი "სიბნელეში“ წარიმართოს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, მისი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, "წარედგინა საკვანძო მტკიცებულება - შანტაჟის წერილი". ასევე, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა. ექსპრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და ის "კენგურუს სასამართლოს" (ფიქტიური მართლმსაჯულება) კლასიკური ნიმუშია.

„2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.

სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას. ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა. სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.

საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა. ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.

დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.

ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას - გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.

როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება - შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია - ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.

შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა - მისი დახურვა - ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს”, - წერს ღარიბაშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics