00:43 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 00:27:05, 239 ნახვა

ევროპის ამბები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო

„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ევროპის ხელისუფლება იძიებს რუსეთის შესაძლო ჩარევას საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიმდინარე არეულობებში. გაზეთის სადაზვერვო წყაროების ცნობით, პრორუსული ანგარიშები ავრცელებენ ძალადობრივ ვიდეოებს და ცრუ ინფორმაციას საპროტესტო აქციების შესახებ. „რუსული საინფორმაციო კამპანიები შესაძლოა მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ პლატფორმებმა არ უნდა გააძლიერონ მათი გავრცელება ალგორითმების გამოყენებით“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ცნობით, ევროპულ ქვეყნებს შორის მხოლოდ უკრაინაა უფრო ხშირად უცხოური დეზინფორმაციული ოპერაციების სამიზნე, ვიდრე საფრანგეთი.

საფრანგეთის ხელისუფლებამ დაზვერვის სააგენტოებს დაავალა გამოიძიონ, შესაძლოა თუ არა რუსმა აგენტებმა ქუჩის ძალადობის პროვოცირება. გამოძიება საწყის ეტაპზეა. ევროპული სადაზვერვო წყაროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული საინფორმაციო კამპანიები, ძირითადად, არსებულ მოვლენებზე რეაქცია იყო და შემოიფარგლებოდა ინტერნეტით. იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ არეულობას უწოდა ჰიბრიდული ომის გამოვლინება, რომელიც ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ TikTok-ის, YouTube-ისა და სოციალური მედიის საშუალებით მიმდინარეობს. ის მიიჩნევს, რომ დასავლეთი არ იცის რა ხდება და არ იღებს რაიმე საპასუხო ზომებს.

„ფაინენშალ ტაიმსის“ ევროპული სადაზვერვო წყაროს ცნობით, ხელისუფლება, ძირითადად, აპირებს გამოიძიოს პოგრომების უკან მდგომი ულტრამემარცხენე ჯგუფების საქმიანობა. გაზეთის წყარო მიიჩნევს, რომ არეულობა შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციის შედეგია და არა გარე ჩარევის. კიდევ ერთმა ევროპელმა დაზვერვის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთისა და უცხო ქვეყნების როლის გაზვიადების თავიდან ასაცილებლად. „ხალხი ქუჩაში გამოდის, რადგან მათ ხელისუფლების მიმართ ნამდვილი პრეტენზიები აქვთ. უცხო ქვეყნები ცდილობენ საპროტესტო განწყობის გაღვივებას. თუმცა, მათი როლი არ უნდა იყოს გაზვიადებული. ძალიან მარტივი იქნება იმის თქმა, რომ ყველაფერში რუსები არიან დამნაშავე“, - თქვა მან.

პარიზში დაფუძნებული პოლიტიკური კვლევების Sciences Po ინსტიტუტის მკვლევარმა, დევიდ კოლონმა, განაცხადა, რომ კრემლის მომხრე ბლოგერები არეულობის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მან რუსული გავლენის ქსელი „მატრიოშკა“ და Storm-1516 ახსენა. კოლონი მიიჩნევს, რომ ეს ანგარიშები პროტესტების უკან არ დგას.

FT-მა აღმოაჩინა რამდენიმე ანგარიში, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ვიდეოებს საფრანგეთში არეულობის კადრებად ნიღბავდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დემონსტრანტები პიროტექნიკის სროლას ასახავდნენ. ის სინამდვილეში თბილისშია გადაღებული 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს. კადრებს თითქმის 6 მილიონი ნახვა აქვს. გაზეთის წყაროების ცნობით, ასეთი მასალა პრორუსული და ულტრამემარჯვენე ანგარიშების მიერ იყო გავრცელებული. ისინი უკვე იყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართული.

რუსი აგენტები საფრანგეთში პროვოკაციებში ადრეც იყვნენ ეჭვმიტანილები. 2023 წელს პარიზის შენობებზე ლურჯად შეღებილი დავითის ვარსკვლავები გამოჩნდა. ფრანგული ციფრული დაზვერვის სააგენტო Viginum-მა განაცხადა, რომ პროტესტი ფრანგულ საზოგადოებაში უთანხმოების დათესვას ისახავდა მიზნად.

17 ოქტომბერს საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ფასების ზრდის, მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლებში ცუდი პირობების წინააღმდეგ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქუჩებში დაახლოებით 550 000 ადამიანი გამოვიდა. პოლიციასთან შეტაკებები, მაღაზიების ძარცვა და ცეცხლის წაკიდება მოხდა პარიზში, ლიონში, მარსელსა და სხვა ქალაქებში. ლიმოჟში არეულობის დროს ისტორიული მერიის შენობა დაიწვა, რამაც სახურავი და კოშკი ჩამოინგრა. არეულობების შემდეგ, ხელისუფლებამ პარიზის, ლიონისა და სხვა ქალაქების გარკვეულ რაიონებში ღამის კომენდანტის საათი დააწესა. პოლიციამ 2400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. შემდგომი საპროტესტო აქციები 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics