11:44 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-15 10:40:00, 325 ნახვა

სამართალი
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ხატიაშვილმა დანაშაულში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, 1000-ზე მეტი პირისგან, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023 - 2026 წლებში საკუთარი მომსახურება შესთავაზეს, დაახლოებით 600 000 ლარი, 2 250 000 000 დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 14 ოქტომბერს, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა.

ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა-ორგანიზება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 9 პირი.

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გართულა. გიორგი ხატიაშვილმა დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.

გამოძიებამ გამოავლინა 1000-ზე მეტი პირი, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2023 - 2026 წლებში საკუთარი მომსახურება შესთავაზეს და მათგან დაახლოებით 600 ათასი ლარი, 2 250 000 ათასი დოლარი და 12 500 ევრო მიიღეს.

საქმეზე ძებნილი კიდევ ერთი პირი, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ეფექტიანი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის შედეგად ექსტრადირებულია გერმანიიდან.

ქართული მხარის შუამდგომლობა არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული, რაც პრეცედენტულია, რადგან პირველი ექსტრადიციის საქმეა, რომელიც ევროპისა და რეგიონის მიღმა ქვეყნებიდან განხორციელდა. ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თბილისში ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩართულობას”, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics