17:00 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 15:37:54, 331 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა

„საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

თორნიკე ფაღავა ბოლო დღეების მანძილზე ევროპელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

„მინდა, გამოვეხმაურო ევრობიუროკრატების მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულ უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამოუვარდება და რომ საქართველომ ამ ორი ქვეყნის გზით უნდა იაროს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არც ერთი ობიექტური სახელმწიფოებრივი კრიტერიუმი ან ეკონომიკური პარამეტრი, რითაც საქართველო რომელიმე აღნიშნულ ქვეყანას ჩამოუვარდება, უფრო მეტიც, აბსოლუტურად ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო რამდენჯერმე უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. ამას ადასტურებს ნებისმიერი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა, მათ შორის ეს დასტურდება ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევებითაც. ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა არის ბუფერული ზონა და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი; მოლდოვის პრეზიდენტმა კი არ გამორიცხა ევროინტეგრაციის გზაზე რუმინეთთან გაერთიანება, საჭიროების შემთხვევაში. ორივე გზა ნათელია", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ. 

მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2011 წელს, „ქართული ოცნების" მანიფესტში ნათლად ეწერა, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს გლობალურ ძალთა დაპირისპირების ადგილი და საქართველო უნდა იყოს გლობალური თანამშრომლობის სივრცე. 

„შესაბამისად, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ყველა სახელმწიფოს მიმართ, საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც შემაკავებელი ფაქტორი. საქართველო ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გვიცხადებს პოლიტპატიმრად. საქართველოს სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ისტორიის ეს ფურცელი გადაშალა. საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა. საქართველოს, ნაცვლად ბუფერული ზონისა, შეუძლია რომ შეასრულოს თავის ისტორიული როლი და მისია და გახდეს დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. იყოს საკვანძო სახელმწიფო აღმოსავლეთის და ევროკავშირის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. აღმოსავლეთიდან დასავლეთით გაატაროს ენერგორესურსები, და მთელი ის დოვლათი, რაც იქმნება ცენტრალურ აზიაში და რაც ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ევროპისათვის. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახორციელებს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რომ საქართველომ როგორც სახელმწიფომ ეს მისია ღირსეულად შეასრულოს", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ. 

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, აქტიურ ფაზაშია ფოთის პორტის გაფართოება, მიმდინარეობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, სრულდება საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ავტობანის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე მუშაობა, რომელიც უპრეცედენტოა თავის შინაარსით, ის დააკავშირებს ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. 

„სწორედ ასე წარმოგვიდგენია საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლის ზრდა. სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის ქართული გზა, სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის მშვიდობიანი გზა, სწორედ ეს გახლავთ ევროინტეგრაციის ღირსეული გზა. საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე ჯიუტად სვლას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა რომელიმე ევრობიუროკრატს ეს გზა", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics