|
2026-09-21 17:49:26, 298 ნახვა
სამართალი
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელიც რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარ გიორგი დავითაძეს ეხება. მსჯავრდებულის ოჯახი და უფლებადამცველი ბადრაგებს პატიმრის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ ძალადობას პატიმრის მიმართ ადგილი არ ჰქონია. "სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა. აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", - წერია უწყების მიერ გავრცელებიულ განცხადებაში. ცნობისთვის, პატიმრის ოჯახის უფლებადამცველმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის დეკემბრიდან დაიწყო "სისტემატური ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური". ადვოკატი ამბობდა, რომ "3 კვადრატულ მეტრ ოთახში პატიმარზე 9 ადამიანმა იძალადა, რაზეც ჩვენებაც მივეცით [...] კამერები ამოღებულია, როცა გეგმური შემოწმებისას პატიმარი საკნიდან გაჰყავთ, ის ბადრაგებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას აცდის - შემდეგ, ისინი გარეთ რაღაცას საუბრობენ, კარი იღება, შედიან და მერე უკვე ჩაჰყავთ...". პატიმრის დედის მოთხოვნაა, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანონ.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)