02:27 - 24 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 22:22:39, 329 ნახვა

განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება

საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე ე.წ. რეფორმები სულ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ საქმე აღარ გვაქვს საგანმანათლებლო განვითარების ლოგიკით ნაკარნახევ პროცესთან. ოფიციალურად გამოქვეყნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობები, რაც რეალურად ნიშნავს გადასვლას 11+3+1 მოდელზე. ეს ცვლილება არა მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, არამედ ძირს უთხრის სწავლის უწყვეტობას, საერთაშორისო აღიარებას და საბოლოოდ უნიივერსიტეტის კლასიკურ იდეას.

ახალი სისტემის მიხედვით, ბაკალავრიატი განისაზღვრა 3 წლით (180 კრედიტი), ხოლო მაგისტრატურა — 1 წლით (60 კრედიტი). ამ დროს, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს 4-წლიანი ბაკალავრიატი (240 კრედიტი) და 2-წლიანი მაგისტრატურა (120 კრედიტი). შედეგად, საქართველოში სწავლის ჯამური მოცულობა ხდება 15 წელი (11+3+1), მაშინ როცა ევროპული მოდელი მოიცავს 18 წელს (12+4+2) ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ დატვირთვას. ეს სხვაობა ფორმალური არ არის ის პირდაპირ აისახება დიპლომების აღიარებაზე, მობილობასა და აკადემიურ პერსპექტივებზე.

სამწლიანი ბაკალავრის დიპლომი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში არ ითვლება საკმარისად მაგისტრატურაზე პირდაპირ ჩარიცხვისთვის, ხოლო ერთწლიანი მაგისტრატურა ხშირად არ აღიარება სრულფასოვან მაგისტრის ხარისხად, განსაკუთრებით კვლევაზე ორიენტირებულ სფეროებში. უფრო მეტიც, მოკლე მაგისტრატურა ნიშნავს სუსტ კვლევით მომზადებას, ზედაპირულ სამაგისტრო ნაშრომებს და რეალურ ბარიერს დოქტორანტურაზე გადასვლისას, სადაც საერთაშორისო პრაქტიკაში ხშირად მოითხოვება 120-კრედიტიანი მაგისტრატურა. ამავე დროს, ფაქტობრივად ქრება მაინორის სისტემა უნივერსიტეტის ის კომპონენტი, რომელიც სტუდენტს აძლევდა ინტერდისციპლინური განვითარების შესაძლებლობას.

ამ აკადემიურ შეზღუდვებს თან ერთვის კონკრეტული ინსტიტუციური გადაწყვეტილებები, რომლებიც ცალსახად აჩვენებს პროცესის პოლიტიკურ ხასიათს. ე.წ. რეფორმის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს წაართვეს მედიცინის ისტორიული ფაკულტეტი, ერთ-ერთი უძველესი და აკადემიურად ძლიერი მიმართულება, რომელიც უნივერსიტეტის მრავალპროფილურობასა და კლასიკურ სტატუსს ამაგრებდა. ეს ნაბიჯი არ იყო ოპტიმიზაცია; ეს იყო უნივერსიტეტის შიდა აკადემიური ხერხემლის მორიგი მოტეხა.

ამავე დროს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრიატზე თსუ-ში მიღება დაახლოებით 30%-ით შემცირდა, მაშინ როცა მოთხოვნა ამ მიმართულებებზე მაღალია. 2025 წლის ცნობარის მიხედვით, სრულად შეივსო პოლიტიკის მეცნიერების (130 ადგილი), ჟურნალისტიკის (120 ადგილი) და საერთაშორისო ურთიერთობების (80 ადგილი) პროგრამები. მიუხედავად ამისა, მიღების შემცირება გაგრძელდა, ხოლო სტუდენტური ნაკადები სხვა უნივერსიტეტებიდან ფაქტობრივად თსუ-სკენ იქნა მიმართული.

პარალელურად, თითქმის განადგურებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინსტიტუცია, რომელიც წლების განმავლობაში იყო კრიტიკული აზრის, ლიბერალური განათლებისა და თავისუფალი აკადემიური გარემოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ანალოგიური ბედი ეწია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს, რომელიც ფაქტობრივად ჩამოშლილ მდგომარეობაშია და მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს არსებობას.

ამ პროცესების ერთობლიობა ქმნის მკაფიო სურათს: ხელისუფლება მიზანმიმართულად ამცირებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს, ანეიტრალებს კრიტიკულ აკადემიურ სივრცეებს და ასუსტებს უნივერსიტეტებს, როგორც დამოუკიდებელი ცოდნის წარმოქმნის ადგილებს. ეს არის სტრატეგია, რომლის ფარგლებში ჯერ ხდება აკადემიური სტანდარტების დაკნინება (11+3+1), შემდეგ - ფაკულტეტების შემცირება, ხოლო საბოლოოდ — უნივერსიტეტების შინაარსობრივი დაცლა.

აღნიშნული ე.წ. რეფორმა გარდაუვლად გამოიწვევს კონკრეტული საგნების გაუქმებას ან მათ „შეწოვას“, რადგან შემცირებული კრედიტები და აკადემიური საათები უნივერსიტეტებს აიძულებს ფორმალურად ან იძულებით დააკომპლექტონ სასწავლო გეგმები. შედეგად, გაქრება დისციპლინური სიღრმე, შემცირდება არჩევითი კურსები და დაზიანდება პროგრამების ლოგიკური სტრუქტურა. პარალელურად, განსაკუთრებით დაზარალდებიან მოწვეული ლექტორები, რომელთა საათები პირველ რიგში მცირდება ან მთლიანად უქმდება, რაც ანალიტიკური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტების უნივერსიტეტიდან განდევნას ნიშნავს. ეს პროცესი არა მხოლოდ აკადემიური მრავალფეროვნების შემცირებას იწვევს, არამედ ასუსტებს სწავლების ხარისხს, კვლევით კომპონენტს და საბოლოოდ უნივერსიტეტის ინსტიტუციურ ავტონომიას, რომელიც ევროპული საგანმანათლებლო მოდელის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

შესაბამისად, მიმდინარე ე.წ ცვლილებები ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტული განათლება თანდათან სცილდება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს. 11+3+1 მოდელი არღვევს ევროპული საუნივერსიტეტო სწავლებისძირითად ლოგიკას — სწავლის უწყვეტობას, აკადემიურ დაგროვებადობას და ხარისხების ურთიერთაღიარებას. შემცირებული კრედიტები, მოკლე ბაკალავრიატი და ერთწლიანი მაგისტრატურა ქართველ სტუდენტებს აკარგვინებს კონკურენტუნარიანობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.

ევროპული უნივერსიტეტის მოდელი ეფუძნება სიღრმისეულ აკადემიურ მომზადებას, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლას და სტუდენტის ინტერდისციპლინურ განვითარებას. საქართველოში კი ვიღებთ ფორმალურად დაჩქარებულ, შინაარსობრივად გაღარიბებულ განათლებას, რომელიც ზღუდავს მობილობას, აკადემიურ თავისუფლებას და საერთაშორისო ინტეგრაციას. ამ გზით, უნივერსიტეტი ნელ-ნელა კარგავს თავის ევროპულ შინაარსს და უფრო შორდება იმ სტანდარტებს, რომელთა მიღწევაც ქვეყნის დეკლარირებულ მიზნად არის გამოცხადებული.

ვანო გომურაშვილი

განათლების პოლიტიკის მკვლევარი




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანის შესახებ
დააკავეს სამი პოლიციელი რომლებიც მოქალაქეებს განყოფილებაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
უკვე ოფიციალურად: ნიდერლანდებს 38 წლის წლის ღია გეი პრემიერ მინისტრი რობ იეტენი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი