|
2025-04-04 11:49:53, 705 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველა ელჩს, დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. „მე გუშინწინაც აღვნიშნე და რამდენჯერმე გამოვეხმაურე საფრანგეთის ელჩის განცხადებებს, თუ საელჩოს ქმედებებს, რომ ვხედავთ, საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა საელჩოებს, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების ორგანიზებული აქციების დროს თავდასხმას, ბოლოს, ეს თავდასხმა 31 მარტს იყო, დაზიანდა შენობა, აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალადობას არავინ ემიჯნება, პირიქით, არის ამ ძალადობის წახალისება. ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, რასაც მან „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. რეალურად, საფრანგეთში ოთხი თვის წინ გაასამართლეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, სამი წელი მიუსაჯეს. ახლა გაასამართლეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონკურენტი ლე პენი და ოთხი წელი მიუსაჯეს. ამის ფონზე, როდესაც საფრანგეთის ელჩი საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, ცენზურაზე და ა.შ. ეს უბრალოდ არასერიოზულია. საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, საფრანგეთის მოსახლეობა, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა „ფიგაროს“ მიერ, 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე, საფრანგეთის ელჩის მხრიდან საუბარი თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს პოლიტიკური კრიზისი იყოს, უბრალოდ არასერიოზულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში. კერძოდ, მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად. ყველა, ვისაც არ ეზარება, დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მიუხედავად, საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ აქვთ დაწესებული. ვხედავთ მათ ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოს თავდასხმას პარლამენტსა და მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია. მოვუწოდებ მათ, თუკი მათ არ მოსწონთ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან იქცევა რუსეთი და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული, რომ პატივი უნდა სცე მასპინძელ ქვეყანას, ხალხს, რომ არ ჩაერიო მის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთებს დაბალი კომპეტენცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)