10:00 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 13:21:43, 1281 ნახვა

პოლიტიკა
ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა სადაც ირწმუნება, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით, პირთა ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს.
ხელისუფლების მხრიდან ეს განცხადება თითქოს მოსალოდნელ რევოლუციაზე პირველი არაა, ჯერ კიდევ 2014 წელს მაისის თვეში მოსალოდნელ რევოლუციაზე მაშინდელმა,  შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ისაუბრა. მინისტრმა არეულობისთვის მზადებაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

„მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები. ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას", – განაცხადა ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში, რომელიც 2014 წლის 7 აპრილს გამოქვეყნდა. „არის ინფორმაცია, რომ დაიწყეს საბურავების შესყიდვაც", – ხაზი გაუსვა მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ ოპოზიცია „მაიდნის" გეგმას ვერ განახორციელებს.
ეს ფაქტი ქართულ საზოგადოებას მეხსირებაში დარჩა როგორც "საბურავების რევოლუცია" თუმცა არშემდგარი. 2014 წელის შემდეგ "საბურავების რევოლუცია" კიდევ ერთი წელი ცხოვრობდა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. 

მეორეჯერ "ქართული ოცნების ხელისუფლება" რევოლუციურ სცენარზე 2018 წლის ნოემბერში ალაპარაკდა.  თუ ხელისუფლებას თუ ხელისუფლებას მაშინ მოუსმენდით, რევოლუცია და დესტაბილიზაცია სურს მის მთავარ კონკურენტ ოპოზიციურ ძალას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. და არა მხოლოდ სურს, არამედ გეგმავს კიდეც მას.

2018 წლის ნოემბრის თვეში , სულ ცოტა, ორჯერ თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც, ამავე დროს, ხელმძღვანელობს დედაქალაქში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას. ბოლოს კახა კალაძემ 12 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზეც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ “წითელ ხაზებს გადასცდა“ და რომ მათი გეგმები უკავშირდება არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენარისთვის იგი ყველა ინსტრუმენტს იყენებს.

კალაძის განცხადების შემდეგ „ნაციონალების“ „რევოლუციური სცენარი“ ახსენა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თუმცა საზოგადოება იქვე დაამშვიდა, რომ ოპოზიცია ვერ ეღირსება დესტაბილიზაციასა და რევოლუციას:

„ნაცმოძრაობის” ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი. ასეთiვე სცენარი ჰქონდათ მათ 2016 წელსაც, სხვა დროსაც, თუმცა ისინი ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან“.

კობახიძის შემდეგ იგივე გაიმეორა თითქმის მთელმა უმრავლესობამ, მათ შორის გიორგი ვოლსკიმ, დავით მათიკაშვილმა, გია ჟორჟოლიანმა, სხვებმაც.


მესამეჯერ რევოლუციის თემა აქტიური გახდა 2019 წლის ივლისში "გავრილოვის ღამის" შედეგად.
20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია. "მიდიოდა შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე", "შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ქვეყანა გადატრიალებისგან იხსნა", "აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო მოგერიება" - გვესმოდა მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ვერსიები.  

აქციის დარბევის შედეგად სულ 240 ადამიანი დაშავდა - აქედან 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და დანარჩენი მშვიდობიანი მომიტინგე. აქციის 3-მა მონაწილემ რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. 38 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე 7 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე უმძიმესად დაშავებული, 46 წლის დავით გრიგორიანი კი კომაში 10 დღის განმავლობაში იყო. 

გავრილოვის ღამე - ამ სახელწოდებით გახდა ცნობილი 20-21 ივნისის მოვლენები მსოფლიოსთვის, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

კიდევ ერთხელ რევოლუციის თემა ხელისუფლებისთვის აქტიური გახდა 2021 წელისთვის, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა და იგი რამდენიმე დღეში დააკავეს, მაშინ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2021 წლის ე.წ რევოლუციაც არ შედგა, სუსი-ს განცხადება შიშიდან გამოწვეული ხალხის მორიგი დაშინება აღმოჩნდა. 

დღევანდელი განცხადებული რევოლუცია რიგით მახუთეა, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად" შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. 

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის.

აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.

ასევე ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები, ორგანიზატორების მიერ, პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.

აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას. ასევე, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს",- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics