|
2019-09-24 16:17:04, 1596 ნახვა
სამართალი
პარლამენტი დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემების რეფორმის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას განიხილავს
საქართველოს პარლამენტი დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემების რეფორმის განხილვას იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან და ახალ მიდგომას შეიცავს, დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ყოფილი სასჯელაღსრულების სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა" და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" გაერთიანებას და მათ ბაზაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას. ამ ორი უწყების შერწყმა სამთავრობო რეფორმამ განაპირობა, რომლის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები გაერთიანდა. ვინაიდან ორივე სამინისტროში არსებობდა ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთა მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა, მათი მართვის პროცესის ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის გასაზრდელად ისინი ერთიანდება. ახალშექმნილი უწყება მოექცევა „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედების სფეროში, რომლითაც რეგულირდებოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობა, ხოლო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ ვრცელდებოდა ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. გარდა ამისა, ახალი სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს. რეფერირების ცენტრის მიზანი 14 წლამდე ასაკის ბავშვთა ანტისოციალური ქცევის წინააღმდეგ ბრძოლაა, რის ეფექტიან და ქმედით მექანიზმსაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საქართველოს კანონმდებლობით, ამ ასაკის ბავშვებს არ ეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და ეს სრულად შესაბამისია საერთაშორისოდ აღიარებულ ბავშვთა უფლებების სტანდარტებთან. თუმცა, პრობლემატურად რჩება ის, რომ არ არსებობს ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რთული ქცევის მქონე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისათვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებას და შეძლებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ან ადეკვატური პასუხის გაცემას, როდესაც ამ ასაკის ბავშვი დანაშაულს ჩაიდენს. რეფერირების ცენტრი სწორედ ამ მიზანს მოემსახურება − შეიმუშავებს და განახორციელებს რეფერირების სრულყოფილ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მექანიზმსა და პროცედურებს. კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლე სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს სსიპ „სასჯელაღსრულების მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის" ფუნქციის შეცვლაა. მის ფუნქციას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო თავად ეს ცენტრი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად გარდაიქმნება. მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა, პატიმართა და პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება. ცენტრი დაეხმარება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, გადამზადდნენ და დასაქმდნენ, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს − ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკებს. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან.
(NS)
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)