22:44 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 10:56:01, 404 ნახვა

ინტოქსიკაცია ბაგა-ბაღებში - მოიწამლა 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი, დაწყებულია გამოძიება

თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.

საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება”, - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics