|
2018-03-02 12:55:52, 1678 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დაუსჯელი რჩება, რაც ხელს უწყობს მდგომარეობის გაუარესებას
„ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტთან - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები" განაცხადა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობასა და ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან მუდმივი აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ დაუთმია და ყოველდღიურ რეჟიმში ეწინააღმდეგება რუსეთის შეტევას მის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად გამოწვევებისა და იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ მუდმივი აგრესიიდან, ჩვენ მივაღწიეთ ეროვნული სტაბილურობის განსაკუთრებულ ხარისხს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვითმია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი და ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით რუსეთის შემოტევებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (სამხრეთ ოსეთში) ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი. მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სოფლებისა და ოჯახების დაყოფა, რასაც ემატება რუსეთის არადემოკრატიული მოქმედებები, საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ამ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, მოსახელობას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთის ცხადმა თუ ფარულმა თანხმობამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეთა, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. „ადამიანის უფლებების დარღვევების რუსეთის მხრიდან ცხადი თუ ფარული თანხმობა იწვევს საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკულ სიკვდილს. მათ შორის, მინდა ავღნიშნო ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული ინცინდენტი - ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი, რაც დაუსჯელი რჩება და ეს მხოლოდ ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია და დიქტატი საქართველოში ყოველთვის დროებითი იყო და რუსეთთან ბრძოლაში გამარჯვებას საქართველო მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობით გეგმავს. მისივე თქმით, ეკონომიკის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების გაძლიერებით ჩვენმა ქვეყანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი მოქალაქეები უნდა დაარწმუნოს, რომ სწორედ საქართველოა ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო, სადაც მათ ცხოვრება და განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლიათ. „ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის ოკუპაცია და დიქტატი მხოლოდ დროებითია. რუსეთის ოკუპაცია და დიქტატი ყოველთვის დროებითი იყო საქართველოში. გადაწყვეტილი გვაქვს, ეს უთანასწორო ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დავაგვირგვინოთ მშვიდობიანი მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით. საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკა, პოლიტიკური ინსტიტუტები და უსაფრთხოება, რათა კვლავ დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ტერიტორიებზე, რომ საქართველო ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა, სადაც მათ შეუძლიათ იცხოვრონ, განვითარდნენ და მიიღონ კეთილდღეობა. საუკუნეების მანძილზე ჩვენ მშვიდობიანად თანავცხოვრობდით აფხაზებთან და ოსებთან და გვწამს, რომ ამას ისევ მივაღწევთ მიუხედავად უხეში და არალეგიტიმური გარე ჩარევებისა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, რაც წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)