15:52 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 15:05:11, 291 ნახვა

სამართალი
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა

გაერთიანებულმა სამეფომ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს – სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ოთხივე მათგანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში ჩასული დელეგაციის წევრებს შორის იყო, რომელიც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელს შეხვდა და ვიზიტი საჯაროდ გააშუქა.

მამუკა ფიფიას შემთხვევაში სანქციების საფუძვლად ბრიტანეთი პრორუსული დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებასაც ასახელებს. ფიფია პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ხელმძღვანელობს, გიორგი ირემაძე ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია, ნიკოლოზ მჟავანაძე რუსულენოვანი ტელეარხის, "სეზონი TV-ის" დამფუძნებელია, ხოლო პაატა აბულაძე, რომელიც კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარია, ბრიტანეთის სანქციების სიაში პოლიტიკურ და სამხედრო მიმომხილველად არის მოხსენიებული.

სანქციები დაუწესდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ყოფილ დე ფაქტო ლიდერს, ალან გაგლოევსაც. ბრიტანეთის განმარტებით, გაგლოევი რუსეთის მთავრობას ვლადიმირ პუტინის მრჩევლად მუშაობით უჭერს მხარს.

ახალი პაკეტი სულ 31 სანქციურ ზომას მოიცავს. სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავებაში, წამებასა და არასათანადო მოპყრობაში მონაწილე რვა პირი და უკრაინელი ბავშვებისთვის იდეოლოგიის თავს მოხვევასა და სამხედრო სწავლებაში ჩართული შვიდი პირი.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, რუსეთის მიერ დეპორტირებული დაახლოებით 6 000 უკრაინელი ბავშვი ე.წ. "ხელახალი აღზრდის" ბანაკებში გადაიყვანეს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მილიონობით ბავშვი კრემლის პროპაგანდისტულ პროგრამებშია ჩართული.

სანქციები შეეხო რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტთან დაკავშირებულ რვა გემსაც. სანქცირებულ პირებს აქტივები გაეყინებათ და დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ, გემებზე კი საზღვაო და სავაჭრო შეზღუდვები გავრცელდება.

"ჩვენ სანქციებს ვუწესებთ როგორც რუსეთის აგრესიის დაფინანსებისთვის საჭირო შემოსავლების წყაროებს, ისე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებს. დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას არ შეასუსტებს." – თქვა ევროპის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა, ლორდ ვუდმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics