|
2017-07-04 10:59:27, 2038 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი: სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო
სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ს ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო, - ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, 2017 წლის 20–22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო გიორგაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გუნია, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ზაქარაია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მეჟლუმიანი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. „საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში. თუმცა, კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)