17:32 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 17:20:04, 213 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპახუსოდ განაცხადა, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან შესყიდვისა და ტენდერის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.

„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა. ამიტომ, თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენს მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებამ მის შედეგებს უნდა დაელოდოს.

„მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მერიას, მაგალითად, სწორად გამოაცხადოს ტენდერი, სწორი იყოს სატენდერო პროცედურები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
სანქცირებული რუსული Wildberries-ის საქართველოში ტაქსის გაშვებას აპირებს
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics