09:14 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-05 08:48:33, 298 ნახვა

მსოფლიო
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია

აშშ-ში მიმავალი რუსული საწვავის გადამტანი სამი ნავთობტანკერიდან ორმა კურსი შეიცვალა, რამაც საფრთხე შეუქმნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის შესყიდვისა და იმპორტის შესახებ ადრე მიღწეულ შეთანხმებას. ამის შესახებ  Financial Times წერს.

FT-ის ცნობით, რუსულ ტანკერ Talisman-სა და ჰონგ-კონგის კომპანიის საკუთრებაში არსებულ სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Leruo-ზე დანიშნულების ადგილად აშშ-ის ატლანტიკური სანაპირო აღარ არის მითითებული. 2 ნოემბრიდან Leruo-მ კურსი ბრაზილიისკენ შეიცვალა, ხოლო Talisman ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ამჟამად ალჟირის სანაპიროსთან მდებარეობს, სადაც „შეკვეთების“ სიგნალს ავრცელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთს არ ჰყავს დადასტურებული მყიდველი ან დანიშნულების პორტი. Financial Times-ის ცნობით, ორივე ტანკერი ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.

მესამე ტანკერი, Agioi Fanendes, რომელიც ბერძნულ გადაზიდვების კომპანია Eastern Mediterranean Maritime-ს ეკუთვნის, აშშ-ს მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას, მაგრამ ასევე აგზავნის „შეკვეთების“ სიგნალებს. „ტანკერი ნიუ-იორკში ამ შაბათ-კვირას უნდა ჩავიდეს. თუმცა, ამერიკელი მყიდველების აშკარა სიფრთხილის გათვალისწინებით, რაც მარეგულირებელი, საკანონმდებლო და სანქციების რისკებს უკავშირდება, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს ტანკერიც შეიცვლის კურსს და აშშ-ს მიატოვებს“, - ციტირებს FT Kpler-ის ანალიტიკოს მეტ სმიტს.

ამასობაში, სანქცირებული ტანკერი Beast, რომელიც სეიშელის კუნძულების კომპანიებს ეკუთვნის, 27 ოქტომბერს რუსეთის პორტ პრიმორსკში ჩაიტვირთა და აშშ-ის ატლანტიკური სანაპიროსკენ განაგრძობს მოძრაობას, იუწყება FT.

დიზელის ფიუჩერსული ფასები ირანში ომის დაწყებიდან 60%-ზე მეტით გაიზარდა. 2026 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის, აშშ-ის ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის საშუალო ფასი დაახლოებით 6.30 აშშ დოლარი იყო გალონზე (1.66 აშშ დოლარი ლიტრზე).

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის იმპორტის შესახებ, იმ იმედით, რომ ფასების შემცირებას და პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას შეძლებდა. თუმცა, ამ ინიციატივამ რესპუბლიკურ პარტიას ვერ შეუწყო ხელი. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics