13:02 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 11:20:12, 568 ნახვა

სამართალი
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად

საია-მ ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა.

ორგანიზაციის შეფასებით, პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, „კვლავ აგრძლელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება“.

მანჯგალაძის პოლიტიკური განცხადებები, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა და საპროტესტო აქციის მხარდაჭერა თავისთავად არ ადასტურებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ამ გარემოებებით შესაძლებელია აქციასთან მისი პოლიტიკური ან ორგანიზაციული კავშირის ჩვენება, მაგრამ არა იმ დასკვნის გამოტანა, რომ იგი ძალადობრივ მოქმედებებს გეგმავდა, მონაწილეებს მითითებებს აძლევდა ან მათ მოქმედებებს კოორდინაციას უწევდა.

საიას შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები სწორედ ამ განსხვავებას ვერ ავსებს. არ იკვეთება კონკრეტული მოქმედება, რომელიც მანჯგალაძის საჯარო პოლიტიკურ აქტივობას ძალადობის ორგანიზებასთან დააკავშირებდა. შედეგად, ბრალდების დასაბუთებაში აქციასთან კავშირი იკავებს იმ მტკიცებულების ადგილს, რომელიც უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებას უნდა ადასტურებდეს.

ეს ხარვეზი არსებითია გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის შეფასებისთვის. აქციასთან პოლიტიკური ან ორგანიზაციული კავშირი ვერ გახდება ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობის საფუძველი, თუ არ დასტურდება, რაში გამოიხატა კონკრეტულად ბრალდებულის ინდივიდუალური წვლილი.

ცალკე პრობლემას ქმნის მანჯგალაძის წარსული განცხადებების თარიღების მიუთითებლობა. თარიღის გარეშე წარმოდგენილმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ იგი უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, მაშინ როდესაც რეალურად სხვა დროსა და განსხვავებულ ვითარებაშია გაკეთებული.

საიას შეფასებით, აღნიშნული ვერ შეფასდება როგორც მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის საკითხი, რადგან სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების დროითი კონტექსტი არსებით გავლენას ახდენს მის აღქმასა და მტკიცებულებით მნიშვნელობაზე. თუ თარიღის გამოტოვება მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რათა წარსულში გაკეთებული განცხადებები ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებებთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებულად წარმოჩნდეს, ვიდრე ამას მათი რეალური შინაარსი და კონტექსტი იძლევა, ეს სახელმწიფო ბრალდების კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პროკურატურის ფუნქცია ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ შთაბეჭდილების ხელოვნურად გაძლიერება კი არა, სასამართლოსთვის ისეთი მტკიცებულებების წარდგენაა, რომელთა შინაარსის, წარმომავლობისა და დროითი კავშირის ობიექტური შეფასებაც შესაძლებელია.

მით უფრო, რომ პაატა მანჯგალაძის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები არც ცალკე და არც ერთობლიობაში არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ადვოკატები ბოლო დროს არაერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრობენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიემართება კონკრეტული საქმის გარემოებებს და ისინი შესაძლოა მიზნად ისახავდეს მტკიცებულებითი ილუზიის შექმნის ხარჯზე საქმის მოცულობის ზრდას.

2.4. ძალადობის ორგანიზების განზრახვის დაუსაბუთებლობა

წარმოდგენილი მასალები არასაკმარისია მანჯგალაძის შესაბამისი განზრახვის დასადგენადაც.

საიას შეფასებით, არ იკვეთება კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მანჯგალაძემ იცოდა ძალადობრივი მოქმედების გეგმის შესახებ და შეგნებულად მონაწილეობდა მის ორგანიზებაში ან ხელმძღვანელობაში. არც მისი პოლიტიკური განცხადებები და არც აქციასთან კავშირი ამ მტკიცებულებით დანაკლისს არ ავსებს.

ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდების არარსებობა თავისთავად არ გამორიცხავს ორგანიზატორულ საქმიანობას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ქმედება და განზრახვა სხვა მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. განხილულ მასალებში სწორედ ასეთი მტკიცებულებები არ იკვეთება.

2.5. მტკიცებულებათა ერთობლიობის არასაკმარისობა

ზემოაღნიშნულ ხარვეზებს მტკიცებულებების ერთობლივი განხილვაც ვერ აღმოფხვრის. რამდენიმე გარემოება, რომლებიც მხოლოდ მანჯგალაძის პოლიტიკურ პოზიციასა და აქციასთან კავშირს აჩვენებს, ერთობლიობაშიც ვერ ადასტურებს ძალადობის ორგანიზებას, თუ მათ შორის არ ჩანს შესაბამისი ქმედებისა და განზრახვის დამადასტურებელი კავშირი.

მოცემულ შემთხვევაში დაუდასტურებელი რჩება ბრალდების რამდენიმე საკვანძო გარემოება: მანჯგალაძის პრეზიდენტის სასახლესთან ყოფნა ან იქ განვითარებულ მოვლენებთან სხვაგვარი კავშირი; ძალადობრივი მოქმედებების დაგეგმვაში, მითითებების გაცემასა თუ კოორდინაციაში მისი მონაწილეობა; შესაბამისი გეგმის ცოდნა და მისი განხორციელების განზრახვა. ამ დანაკლისს ვერ ანაცვლებს წარსული პოლიტიკური განცხადებები ან საპროტესტო აქციასთან ორგანიზაციული კავშირი.

შესაბამისად, საიას შეფასებით, განხილული მტკიცებულებები არ ქმნის ისეთ შეთანხმებულ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას. პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის მიმართ არსებით ეჭვს სწორედ ეს მტკიცებულებითი წყვეტა წარმოშობს - აქციასთან კავშირის დამადასტურებელ გარემოებებსა და ბრალად შერაცხული დანაშაულის კონკრეტულ ნიშნებს შორის. - წერია ანგარიშში.

როგორ საია წერს: მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო არ იყოს ორიენტირებული პირის ბრალდებაზე და, თუ აღნიშნულს სათანადო კომპეტენციითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ ართმევს თავს საქართველოს პროკურატურა, არ მოევლინოს მას დამხმარედ.

საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ამასთან, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალური ხასიათის პრინციპით და თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა შეაფასოს მხოლოდ მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. სხვა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, შესაძლო სასჯელის სიმძიმით, ხანგრძლივი პატიმრობის შიშით, საქმის განხილვის გაჭიანურებით ან სასამართლო პროცესის სამართლიანობის მიმართ უნდობლობით. შესაბამისად, მხოლოდ აღიარების ფაქტი არ იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ აღიარებული გარემოებები სრულად შეესაბამება მომხდარის ობიექტურ სურათს ან რომ სხვა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება იმავე საფუძვლით დასაბუთებულია პაატა მანჯგალაძის შემთხვევაშიც. ეს გარემოებები თავისთავად არ გამორიცხავს აღიარების მტკიცებულებით მნიშვნელობას, თუმცა მოითხოვს მისი შინაარსის, სანდოობისა და სხვა მტკიცებულებებთან კავშირის კრიტიკულ შეფასებას.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics