23:04 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 21:41:08, 306 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ ყეინიშვილის დამტკიცება ქართული ოცნების გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო. ზურაბიშვილის თქმით, მან 2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის "ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი" წარუდგინა - გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო

"ქართული ოცნების მორიგი შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია.

როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს.

საზოგადოებას შევახსენებ უტყუარ ფაქტებს: 2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარვუდგინე: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. ქართულმა ოცნებამ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო და მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა. ამის რეალური მიზეზი ერთი იყო: მმართველ გუნდს სურდა, კანდიდატურები წინასწარ მასთან შემეთანხმებინა. მოგვიანებით კი სურდათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, წარდგენა, რათა ეროვნულ ბანკზე სრული პარტიული კონტროლი დაემყარებინა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დასაცავად ამ მოთხოვნაზე ჩემი პრინციპული უარი მიიღეს.

2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციური პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, "ოცნების“ პოლიტიკური დევნისა და რეპუტაციული შეტევების გამო, მაღალი დონის დამოუკიდებელ პროფესიონალებს აღარ სურდათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა; მეორეს მხრივ, საბჭოს ვაკანტურად დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტს დააბრალებდა ინსტიტუტის პარალიზებას. სწორედ ამიტომ, მანამდე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები, რომელიც მათი გუნდის სრული ლუსტრაციისთვის იყო წარდგენილი, გამოიყენეს კრიზისის დროს და შეავსეს საბჭო: იმ "ოცნებამ“, რომელიც წლების განმავლობაში იწუნებდა წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს "არაკომპეტენტურობის“ საბაბით, ეს ორი კანდიდატი 84 ხმით, ყოველგვარი კითხვების, დებატების, კომპეტენციისა თუ წარსულის გადასინჯვის გარეშე, მყისიერად დაამტკიცა.

აქ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ არ გაუჩნდა "ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა? პასუხი აშკარაა: მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ "მოთამაშეს“ ნიშნავდა.

დღეს, როდესაც ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოტანას ცდილობს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან" - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics