|
2026-09-21 11:25:35, 256 ნახვა
საზოგადოება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე – vet.ge – დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს. „რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს სამი სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში კი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. დაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს. დაფინანსებით სარგებლობა, ასევე, შეუძლიათ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა). ამისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა. საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება ერთხელ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე მიეცემა, თუ აღნიშნული უფლებით მანამდე არ უსარგებლია. 12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში – 25 ოქტომბერს ჩატარდება. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტთა შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და მიღწეული განათლების დონის გათვალისწინებით აპლიკანტთა რეიტინგულ სიას ადგენს. თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge. პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge. პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ; პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk“,- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.
საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა
ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)