15:40 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-19 14:51:45, 324 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, მოყვება შესაბამისი რეაგირება, რადგან ამ ეტაპზე არასწორია მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ ეს საკვებიდან გამოწვეული პრობლემაა.

კალაძე ამბობს, რომ იგივე დამოკიდებულება ექნებოდათ 1 შემთხვევის დაფიქსირების დროსაც, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ ოცნებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ.

"პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობელები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ბავშვებზე მზრუნველობა უდიდესი პასუხუსმგებლობაა.

დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება. დღეს ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბავშვზეა საუბარი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, იგივე დამოკიდებულება იქნებოდა თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა." - განაცხადა კალაძემ.

ივანიშვილის მერის ცნობით, ბოლო წლებში ბაღებში ბევრი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება კი კვებას ეთმობა. მისი თქმით, არცერთი პროდუქტის არ იღებენ ისე, თუ არ აქვთ შესაბამისი, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები.

"2023 წლიდან დავნერგეთ HACCP-ის სტანდარტი, რაც ძალიან მნიუშვნელოვანია და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან და მომწოდებლიდან დაწყებული ბენეფიციარამდე დასრულებული, სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება თუ არ გვაქვს შესაბამისი, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები. ჩვენ არცერთ პროდუქტს არ ვიღებთ, თუ არ არის მოწოდებული შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ამოწმებს პროდუქტებს. ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საბავშო ბაღებში ჩვენი შვილებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებას, ბავშვების სათამაშოებს, რათა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თეთრეულზეც კი განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. ამიტომ დაველოდოთ შედეგებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას." - ამბობს კალაძე.

ქართული ოცნების წარმომადგენელმა აღნიშნა ისიც, რომ ისინი არც პრობლემებს გაურბიან და არც პასუხისმგებლობას, თუ მათი მხრიდან არის შეცდომა დაშვებული, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება.

"ჯერ უნდა გავიგოთ მიზეზი რა არის. მერწმუნეთ, ყველა დეტალი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ, მათთან ფორმდება ხელშეკრულება. ისინი ვალდებული არიან, პროდუქციის მოწოდების დროს წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები თითოეულ პროდუქტზე. დაველოდოთ მოკვლევას, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი." - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics