05:05 - 01 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 11:20:06, 425 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მე-7 მინისტერიალი გაიმართა. 

ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და შეთანხმების ფარგლებში ინიცირებული „მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის, პროექტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები.

მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის რეგიონის, ისე ევროკავშირისთვის.

აღინიშნა, რომ ეს არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, ამავე დროს, ძალიან დიდი შესაძლებლობები როგორც საქართველოს, ისე პროექტის მონაწილე სხვა სახელმწიფოების ენერგოსისტემებისთვის.

„ამ მნიშვნელოვანი პროექტით საქართველოს საშუალება აქვს, ეფექტური გზით დაუკავშირდეს ევროკავშირს და წვდომა ჰქონდეს მნიშვნელოვან ენერგობაზარზე. ასევე, ჩვენს ქვეყანას საშუალება აქვს, მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი შეასრულოს და კასპიის ზღვის განახლებადი ენერგიების მიწოდების გზით ევროპას ახალი, განახლებადი ენერგიებით უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან - ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვთან. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორივე ქვეყნისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის და მისი განხორციელების პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ასევე ისაუბრეს ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების და მისი ადგილმდებარეობის საკითხზე - ამ ეტაპზე რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი განიხილება. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მინისტერიალის მიმდინარეობისასაც იმსჯელეს.

მინისტერიალის მონაწილეები ასევე გაეცნენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველად შედეგებს, მის მიმდინარეობას და შესაბამის პრეზენტაციას, რომელიც კონტრაქტორი კომპანია CESI - ის წარმომადგენელმა გააკეთა. გარდა ამისა, მოხსენებები გააკეთეს პროექტში ჩართული სახელმწიფოების ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა, ასევე რუმინეთის „ტრანსელექტრიკის", „აზერენერჯის", უნგრეთის ენერგეტიკული კომპანიის MVM - ის ხელმძღვანელმა პირებმა.

მინისტერიალი სპეციალური ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ყურადღება გამახვილდა პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპებზე. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა უკვე ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.

„ვფიქრობ, რომ ეს პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ ბუქარესტში დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მიზეზი - როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე თავის მართლება გიწევს
სანდუ - მოლდოვამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციაში ჩაიწერება
უკრაინის საგარეო არჩევნებზე - გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკას ავრცელებს

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics