|
2023-05-19 12:08:22, 883 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი
ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, პირველ რიგში მათ ტერიტორიების ოკუპირება, საქართველოზე ძეწოლა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ. “მე კარგად მესმის ქართველი ხალხის შეშფოთების ამ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ქართველების სანქცირება აქ არაფერ შუაშია. რუსეთში ისედაც დაახლოებით 13 000 ქართველია და უმეტესობას ორმაგი რუსულ-ქართული მოქალაქეობა აქვს, ხოლო თუ ვინმეს რუსეთის დატოვება უნდოდა, უკვე დატოვეს გასულ წელს. სინამდვილეში მილიონამდე რუსი მოქალაქე ჩამოვა საქართველოში და შესაბამისად ეს ფრენების აღდგენა უფრო რუსებისთვისაა მომგებიანი. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რატომ არსებობს ქართველებს შორის შეშფოთება და ისიც გასაგებია, რომ მათ უნდათ გაიგონ, რა დაუჯდება ეს ყველაფერი საქართველოს. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ჯერ კიდევ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, ხალხს აპატიმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და თუ მოსკოვში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდათ, პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა შეწყვიტონ”,- განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. ავიაკომპანია იტყობინება, რომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი ყოველდღიურად 19 მაისიდან შესრულდება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს კიდევ ერთი ნებართვა გასცა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, იგი პირველ ადგილზეა
პაპუაშვილი კოსს - ჯობია იყო ფურცელზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ფურცელზე სახელმწიფო
კობახიძე- უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის იგლ ჰილსის პროექტი, უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)