2018-12-21 13:13:08, 1483 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს თხოვნით მიმართავს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს, - ამის შესახებ პრეზიდეტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის.
მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით მისმა შვილებმა შიმშილობა დაიწყეს.
ავტორი: ,