|
2018-06-04 15:56:01, 1044 ნახვა
პოლიტიკა
„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ დაიწყო
დღეს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ (SNGP) დაიწყო. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა დენის მერსიემ, ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ბულგარეთის საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლია SNGP-ის სტრუქტურას, ორგანიზაციასა და განხორციელების მექანიზმებს გახდეს განმეორებითი მოდელი ნატო-ს სხვა „თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის“ (DCB) ინიციატივებში. სასურველი შედეგის მიღწევა მოითხოვს, როგორც ჰოლისტიკურ და უწყებათაშორის მიდგომას, ასევე, ნატო-ს სტრუქტურების, მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ ენერგიულ და სრულფასოვან ჩართულობას. კონფერენციის ფარგლებში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის შედეგებსა და გაწეულ სამუშაოებზე იმსჯელებენ. სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებს განიხილავენ როგორიცაა: საქართველოს სტრატეგიული და ოპერატიული პროგრამების ურთიერთთავსებადობა როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან; ტოტალური თავდაცვის კონცეფცია; ადამიანური, ორგანიზაციული, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო რესურსები. ცერემონიალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან, გენერალმა დენის მერსიესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად პანელში „საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებსა და ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გავლენა“ მიიღო მონაწილეობა. პანელს ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა მოდერატორობდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებზე აქტიური მსჯელობა და მიმდინარე პროცესების შეფასება გასულ წელს დაიწყო, როცა „SNGP-ის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა“ გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევა, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილება იყო.
(NS)
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)