17:13 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-10 16:54:26, 245 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ დააყენა და მას სხვა მოპასუხე პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საქმეზე მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპი უკვე დასრულებულია და სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადასვლას გეგმავდა. სამუშიამ მოითხოვა, მანამდე მხარეების მონაწილეობით გამოეკვლიათ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - წერილობითი მასალები, ვიდეოჩანაწერები და სხვა ინფორმაცია, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დაეყრდნოს.

სამუშიამ შუამდგომლობა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონისა და სასამართლოს რეგლამენტის ნორმებით დაასაბუთა. მისი განმარტებით, ეს ნორმები ითვალისწინებს მტკიცებულებების გამოქვეყნებასა და მხარეებისთვის მათ შესახებ პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემას, რასაც საქმის მასალების წინასწარ გაცნობა ვერ ჩაანაცვლებს.

„უბრალოდ, მე არ შემზღუდოთ ამ შემთხვევაში, არ შემბოჭოთ სამართლებრივად და მომეცით თავდაცვის შესაძლებლობა, რომ მტკიცებულებები იქნას გამოკვლეული“, - მიმართა მან სასამართლოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს უფლებას, დაუსვან ერთმანეთს კითხვები“.

სამუშიას თქმით, ეს საქმე განსხვავდება დავებისგან, რომლებშიც სასამართლო კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას ამოწმებს: ამ შემთხვევაში მოსარჩელე კონკრეტული პარტიების აკრძალვას ითხოვს და მხარეებს უნდა შეეძლოთ, სასამართლოს აუხსნან, რატომ არ ადასტურებს წარმოდგენილი მასალები ამ მოთხოვნის საფუძვლიანობას.

სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია რამდენჯერმე დაინტერესდა, გულისხმობდა თუ არა შუამდგომლობა სარჩელზე დართული ინტერნეტბმულების სხდომაზე ნახვას. სამუშიამ განმარტა, რომ ითხოვდა მტკიცებულებების დემონსტრირებასა და მათზე მსჯელობას. ამასთან, აღნიშნა, რომ დროის დასაზოგად შესაძლებელი იქნებოდა ვიდეომასალის იმ კონკრეტული მონაკვეთების განხილვაც, რომლებსაც მოსარჩელე ეყრდნობა.

„მე არ გეუბნებით, ბატონო მოსამართლე, რომ ეს გადაცემა დავჯდე და ნახევარი საათი კონკრეტულად ახლა ვუყურო. მხარემ მიმითითოს, ამ გადაცემის რომელ წამზე და რომელ წუთზეა კონკრეტულად ის მტკიცებულება“, - თქვა სამუშიამ.

მოთხოვნას შეუერთდა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, წარმოდგენილი მასალები კონკრეტულად რომელ პარტიას და როგორ უკავშირდება.

„მაგალითად, ნორა კვიციანის ქეისი, რომელიც მითითებულია ამ საგამოძიებო (ე.წ. წულუკიანის - რ.თ.) კომისიის დასკვნაში, მე, ბერდია სიჭინავას, მომემართება თუ არა, უნდა მაინტერესებდეს, იმიტომ, რომ მე ვარ პროკურორი, რომელმაც მიიღო დადგენილება 2016 წელს ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და მე ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში. სულხან მოლაშვილის ქეისი მომემართება მე თუ არა, მაინტერესებს, იმიტომ, რომ მე ვიყავი პროკურორი, რომელმაც დაზარალებულად ცნო მისი ოჯახი და აგარაკი დაუბრუნა. [...] მოსარჩელე მხარე იძახის, რომ ყველას ყველაფერი მიემართება. მე შეიძლება მომემართებოდეს (2007 წლის) 7 ნოემბერი, როცა პირველ კურსზე ვიყავი...“, - თქვა სიჭინავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics