13:52 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 12:19:26, 2352 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება

საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება–დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებას"  მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა შეთანხმების მნიშვნელობა შეფასა და მას საქართველოსა და ევროპას შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცების კუთხით წინგადადგმული კიდევ ერთი  ნაბიჯი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ისტორიულმა მოვლენამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენთან სპეციალური ვიზიტით იმყოფება ევროპოლის დირექტორი ბატონი რობ უენრაითი და  ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება და საქართველო ამით ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი. ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში,"–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპოლთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო ზრდის საქართველოს პასუხისმგებლობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გახდება მნიშვნელოვანი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო  ქართული პოლიცია იქნება ევროპელ სამართალდამცავთა თანამეგობრობის საიმედო პარტნიორი.

„საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმება" უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული ასევე არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალოს ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღოს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში.

ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და  ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics