|
2017-03-28 11:36:24, 1612 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი დემოკრატია
"საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, თუ სულიერი დაბრუნება,"- ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე," რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა. გიორგი კვირიკშვილის განმარტებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია, რომლის ეკონომიკასა და კულტურაზე ქართველი მოქალაქეების უკვე მეორე თაობა თავის კვალს ტოვებს. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის როლს, რომელიც ცდილობს საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს. "ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე, ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონალური დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიის დამთავრების შემდეგ საქართველოც ჩინეთის გზაგამტარი გახდება. ანაკლიიდან პირეოსამდე, კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის,"-აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-საბერძნეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა შეაფასა და ის ახალი მიმართულებები დაასახელა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულია: ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა; ტურიზმი და სასტუმრო სექტორი; სოფლის მეურნეობა, კვება და გასტრონომია; მშენებლობა და ენერგეტიკა. მისივე თქმით, მომავალი ღირსეული პარტნიორობა ისტორიულ კავშირებს ემყარება, რადგან ათენი უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია- აქ საქართველო თავს ევროპასთან უფრო ახლოს გრძნობს. "ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებებიდან დაწყებული და ბიზანტიის იმპერიით დამთავრებული, ათასწლეულების მანძილზე, ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, ჩვენი წარსული ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით როგორც ხალხები, კულტურები და ერები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოჯახად მივიჩნევთ,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იპოვის საკუთარ ადგილს ევროპულ ოჯახში და "ამ გზაზე ქართველების მოძრაობა დღეს ათენიდან იწყება". სამეცნიერო კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე" ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მელეტიოს-ათანასიოს დიმოპულოსი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე.
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)