|
2017-03-06 12:01:20, 2022 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. პრემიერი სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს იწვევს. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან, მინდა ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება. მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)