|
2016-11-02 13:50:52, 743 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, ქორწინების საკითხზე საკუთარი პოზიცია ცალსახად და გაბედულად დააფიქსირონ
პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ხელისუფლებას და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, რათა პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა არ მოხდეს. თავად „გირჩის“ პოზიციაა, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობაა. „გირჩის“ შეფასებით, კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების- როგორც ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირის, ჩაწერის შემთხვევაში, მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ. მათივე აზრით, ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული უფლების მინიჭება: „საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ქართულ ოცნებას შემდეგი 4 წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტში ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. როგორც ახალ არჩეულ დეპუტატთა ნაწილმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, ერთ ერთი საკითხი რის გადასაწყვეტადაც ისინი გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას არის ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება ქორწინების განმარტება, როგორც ქალის და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირის - ოჯახის შექმნის მიზნით. საზოგადოებისთვის ცნობილია გირჩის პოზიცია ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ერთად ცხოვრების შედეგად დაგროვილი ქონება და შვილების წინაშე პასუხისმგებლობის ზომა თავად ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევაში გააზრებული შეთანხმებით. ოჯახი საზოგადოების პირველადი და ბუნებრივი ერთეულია სახელმწიფოსთან შედარებით.ამიტომ, სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს რა არის ოჯახი. არასწორი და მოქმედი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის პირდაპირ საწინააღმდეგოა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების კავშირს არქმევს ოჯახს და ერთნაირი პირობებით ათანხმებს თანაცხოვრების წესებზე და განქორწინების შემდგომ ვალდებულებებზე. კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში, მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ და ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული უფლების მინიჭება, მაშინაც კი თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ამ რეალობამდე. ასეთი ცვლილებით ქართველი ერი მისი ნების გამომხატველი ქართული ოცნების მეშვეობით დააფუძნებს ახალ ქვეყანას, ახალი კონსტიტუციით. ახალი კონსტიტუციით ის იტყვის რის უფლებას აძლევს თავს როგორც კოლექტივი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან მიმართებაში. ხალხის ნება შესაძლოა იყოს ემოციაზე დაფუძნებული, მ.შ. ისეთი რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა თავადაც მცდარად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ადამიანს,მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ექნება თანაბარი უფლებები. არავინ იცის როდის და რა პროცესების შედეგად დადგება ასეთი დრო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი ასეთი პროცესის დასაჩქარებლად. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ყოველმხრივ არიდებენ თავს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ყველა ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ მათი პოზიცია იყოს მაქსიმალურად ბუნდოვანი და ორაზროვანი, რაც აძლევს დამატებით სტიმულს ხელისუფლებას, მსგავსი მავნებლური და პოპულისტური ცვლილების განსახორციელებლად. ამ მიმართვის ადრესატია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუციური ნების აღმსრულებელი ქართული ოცნება, ზომით მეორე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიის როგორც იდეის დიაგნოზი - პატრიოტთა ალიანსი და ყველა ვინც აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკურ პარტიობაზე ან პოლიტიკოსობაზე. გირჩი მოუწოდებს მათ, ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა, პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო“,-ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)