|
2026-11-08 22:02:31, 241 ნახვა
ევროპის ამბები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
ევროპელები შეუერთდებიან რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მოლაპარაკებებს, რომელიც 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ RTL-ის ეთერში. „ევროპელები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილნი და საფრანგეთი აბუ-დაბიში ჩავა ამ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად“, - თქვა მან. თუმცა, ბარომ არ გაამხილა, თუ კონკრეტულად ვინ წარმოადგენს პარიზს მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული ქვეყნები ამერიკელ შუამავალს აიძულებენ, რომ კონტინენტის მომავლის განხილვისას მათი ინტერესები და მოთხოვნები გაითვალისწინოს. „საფრანგეთი უზრუნველყოფს, რომ ევროპის ხმა გაისმას“, - დაარწმუნა მინისტრმა. ბარომ არ მიაწოდა დეტალები ევროპული მხარის მოლაპარაკებებში მონაწილეობის ფორმატის შესახებ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ-დაბიში შეხვედრა სამმხრივი იქნებოდა, სადაც შეერთებული შტატები შუამავლის როლს შეასრულებდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დელეგაციის ხელმძღვანელად კვლავ დანიშნა თავისი თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი, რომელიც ცნობილია, როგორც „მკაცრი ხაზის მომხრე“. მან განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინამ უნდა მიიღოს მოსკოვის პირობები და უარი თქვას დასავლეთთან ინტეგრაციაზე, იმუქრებოდა შემდგომი ტერიტორიული მიტაცებებით და ამტკიცებდა, რომ „რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია“. მედინსკის გარდა, დელეგაციაში შევლენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები მიხაილ გალუზინი და სერგეი რიაბკოვი, ასევე გენერალური შტაბის ორი დირექტორატის წარმომადგენლები, იგორ კოსტიუკოვი და იური ჟიგარლოვსკი. აბუ დაბიში მოლაპარაკებებზე უკრაინელებს უხელმძღვანელებს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, რუსტემ უმეროვი. დელეგაციაში ასევე შევლენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი და ვერხოვნა რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დეესკალაციას, ჰუმანიტარულ ზომებსა და ომისშემდგომ უსაფრთხოებას შეეხება. ოქტომბრის ბოლოს, The Telegraph-ის დასავლურმა დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ პუტინი დათანხმდა ევროპელი წარმომადგენლების ჩართვას უკრაინის საკითხის მოგვარებაში, რადგან ეს შესაძლებლობად მიიჩნია, რათა ნატო აიძულოს, უარი თქვას აღმოსავლეთისკენ გაფართოებაზე და დაუბრუნდეს 1997 წლის საზღვრებს. გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლის მინიმალური მოთხოვნა იქნებოდა ჯარებისა და იარაღის გაყვანა რუსეთის მოსაზღვრე ხუთი ალიანსის ქვეყნიდან: ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ფინეთი და ესტონეთი. თუმცა, დასავლეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინისთვის დათმობაზე წასვლას არავინ აპირებდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)