|
2016-09-03 17:00:58, 1195 ნახვა
რეგიონი
ზღვისპირა ქალაქი ტრადიციულ დღესასწაულს „ბათუმობას“ აღნიშნავს
ზღვისპირა ქალაქი ტრადიციულ დღესასწაულს „ბათუმობას“ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს. სახალხო ღონისძიება ძირითადად ევროპის მოედანზე და მემედ აბაშიძის გამზირზე მიმდინარეობს და ყველა ასაკისა და გემოვნების ბათუმელსა და მის სტუმარზეა გათვლილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის ზეიმზე მოწვეულ სტუმრებს ბათუმის მერთან ერთად შეხვდა და მათგან მოლოცვები მიიღო. გახსნის ღონისძიების შემდეგ ზურაბ პატარაძემ, გიორგი ერმაკოვმა, ავთანდილ ბერიძემ, საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სკვერში გადაინაცვლეს, პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს გარდაცვლილთა მემორიალი. მოგვიანებით კი ბათუმის ქუჩებში გაისეირნეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუმრებთან და ბათუმელებთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო. სხვადასხვა ადგილებში მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და ადგილობრივებს ბათუმობა მიულოცა: „ბათუმი და ბათუმელები ნამდვილად იმსახურებთ ასეთ ლამაზ დღეს და მოხარული ვარ, რომ ოჯახთან ერთად ჩართული ვარ ამ საზეიმო მსვლელობაში. ბათუმი იზრდება და ვითარდება და ეს ერთმნიშვნელოვნია. ჩვენი ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კოლორიტული ადგილებით, შესანიშნავი ხალხით და ეს დღესაც გრძელდება. ეს ქალაქი ვერ იარსებებს ჩემთვის უძვირფასესი ბათუმელების გარეშე და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასე თავდაუზოგავად ზრუნავს საკუთარ ქალაქზე, რეგიონზე და ქვეყანაზე. ზუსტად ხალხია ამ ყველაფრის შემქნელიც და ბატონ-პატრონიც, მადლობა ბათუმელებს ამისათვის. ჩემი მიზანიც სწორედ ის არის, რომ შენების და განვითარების ტემპები არ შევანელოთ, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქალაქის აღმშენებლობა. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბათუმი წამყვანი ევროპული ქალაქების სიაში იყოს. “ ბათუმობასთან დაკავშირებით 2 დღის განმავლობაში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, სახალხო მსვლელობები, ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების, ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ასევე სპორტული ღონისძიებები, თევზჭერა, ფილმის პრეზენტაცია, საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალი. ბათუმობის კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა მრავალფეროვანია. მემედ აბაშიძის ქუჩაზე ორი დღის განმავლობაში საინტერესო, განსხვავებული და მხიარული გარემო შეიქმნება. ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ღონისძიება, რამდენიმე ლოკაციას მოიცავს. 6 მაისის პარკში, კოლონადებთან პატარებისთვის საბავშვო კონცერტი გაიმართება, სადაც მათ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. სტუმრებს ადგილობრივი გასტრონომიის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ. ჩატარდება ფოტოკონკურსი „ჩემი ბათუმი“ , რომლის გამარჯვებულებსაც 4 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვებენ. ერას ქუჩის მიმდებარედ მოეწყობა კოსტუმირებული მსვლელობა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში კი ქართული ესტრადის ვარსკლავების მონაწილეობით გალა კონცერტი „ბათუმობა 2016“ გაიმართება. დღესასწაული 4 სექტემბერს ანბანის კოშკთან გრანდიოზული კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დაიხურება.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)