21:13 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 20:45:49, 369 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა.

ანგარიშში წერია, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისია რეგულარულად აფასებდა ქვეყნის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მეშვიდე და მერვე ანგარიშებში, რომლებიც ევროკომისიამ 2024 და 2025 წლების დეკემბერში გამოაქვეყნა, კომისიამ საქართველოს მოუწოდა, გადაუდებელი ზომები მიეღო რეკომენდაციების შესასრულებლად, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

2025 წლის ივლისში ჩატარებული ოფიციალური მოკვლევის შემდეგ ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებელი მაკორექტირებელი ზომები არ გაუტარებია და, ამის ნაცვლად, მიიღო დამატებითი შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო რეჟიმის საფუძვლად არსებული კრიტერიუმების დარღვევის გაგრძელების გათვალისწინებით, ევროკომისიამ გაააქტიურა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი, თავდაპირველად 12 თვის ვადით, 2026 წლის 6 მარტიდან.

ამ მექანიზმის აღსრულების პირველი ეტაპი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხო.

შეჩერების საფუძვლად არსებული გარემოებების გამოსწორების მიზნით, 2026 წლის ივნისში საქართველოსთან გაძლიერებული დიალოგი გაიმართა. თუმცა ამ დიალოგს არ მოჰყოლია პროგრესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკომისიის შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს და უვიზო რეჟიმის შეჩერებას დაედო საფუძვლად, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics