11:34 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-25 10:55:50, 279 ნახვა

კომენტარი
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის

ირაკლი კობახიძის გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, - ასეთ შეფასებას პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია აკეთებს.

„ირაკლი კობახიძის გამოსვლაში სამი მთავარი გზავნილი იკვეთება:

  1. ოკუპაციის ხსენება ფაქტობრივი ანექსიის გარეშე - მაგრამ რუსეთის პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე.

კობახიძემ სწორად დააფიქსირა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება, მაგრამ ამის შემდეგ ოკუპაციის პოლიტიკური გაგრძელება ფაქტობრივად წყდება. აღარ არის რუსეთისადმი მოწოდება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს უკანონო სამხედრო ყოფნა და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არადა ეს არის სწორედ ის მოთხოვნები, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ რამდენიმე დღის წინ, ეუთოს მუდმივ საბჭოზეც აყენებდა. იქ პირდაპირ იყო საუბარი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე, სამხედრო ძალების გაყვანასა და დე ფაქტო ანექსიის პროცესზე.

გაეროს ტრიბუნაზე კი ოკუპაციის ფაქტის აღნიშვნას მოჰყვა არა რუსეთის პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ხაზგასმა, არამედ მიმართვა აფხაზებისა და ოსებისადმი - ნდობის აღდგენაზე, საერთო ისტორიასა და ეკონომიკური განვითარების სიკეთეების გაზიარებაზე.

შერიგება აუცილებელია, მაგრამ შერიგება ვერ მოხდება ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგის განვითარების გარეშე! მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა გრძელდება და მოსკოვი, ოკუპირებული ცხინვალი და სოხუმი გუშინ ერთად სთხოვდა კობახიძეს საზღვრების გავლებას და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ოკუპირებული რეგიონების!

  1. საქართველო - შუა დერეფნის ქვეყანა, მაგრამ პარტნიორების გარეშე.

გამოსვლის ყველაზე კონკრეტული საგარეო-ეკონომიკური ნაწილი სწორედ შუა დერეფანს ეხება. კობახიძე ამბობს, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია და მისი მდებარეობა ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირების შესაძლებლობას ქმნის. საუბარია შავ ზღვაზე, ინფრასტრუქტურაზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა - ვისთან ერთად უნდა განახორციელოს საქართველომ ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია? გამოსვლაში კონკრეტულად აღარ არის ნახსენები არც აშშ, არც ევროკავშირი და არც რომელიმე სხვა ძველი სტრატეგიული პარტნიორი. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან შუა დერეფანი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ის საერთაშორისო პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, კოორდინაციასა და დასავლეთთან დაკავშირებაზეა აგებული.

ამის საპირისპიროდ, კობახიძემ პარტნიორობასთან დაკავშირებით პირველად ასე მკაფიოდ გაეროს ტრიბუნიდან არა კონკრეტული პარტნიორობების გაძლიერება, არამედ პარტნიორობის წინაპირობები ჩამოაყალიბა: ურთიერთპატივისცემა, სუვერენული თანასწორობა, დიალოგი და ზეწოლისა და იძულების არქონა ანუ გზავნილი აღარ არის - “ესენი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მათთან ერთად ვაშენებთ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების მომავალს“. გზავნილი შემდეგია - “ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუ ისინი ჩვენს პირობებს მიიღებენ“.

ეს უკვე საგარეო პოლიტიკის ენისა და ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც საქართველოს მონაწილეობასა და როლს შუა დერეფანში დამატებით გამოწვევებს უქმნის.

  1. საქართველო რეგიონული მშვიდობის“ შუამავლად“, მაგრამ სად არის რეალური პოლიტიკური წონა?

კობახიძე საქართველოს წარმოაჩენს როგორც რეგიონული თანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშემწყობ ქვეყანას. პრობლემა ის არ არის, რომ საქართველო რეგიონულ მშვიდობაში მონაწილეობას არ უნდა ცდილობდეს. პრობლემა ისაა, რომ გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს როლი სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესში უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი, ვიდრე კონკრეტული მედიაციის შედეგებით არის გამყარებული.

დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის მთავარი პოლიტიკური არქიტექტურა ვაშინგტონის პროცესით, უშუალოდ ერევნისა და ბაქოს მოლაპარაკებებით და აშშ-ის ჩართულობით ვითარდება. სომხეთის შემთხვევაში ფაშინიანი ამას ღიად ამბობს: 2025 წლის ვაშინგტონის შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება რჩება მთავარ ამოცანად, ხოლო TRIPP-ს მშვიდობისა და რეგიონული ინტეგრაციის ინსტრუმენტად განიხილავს. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ბაირამოვი პირდაპირ საუბრობს აშშ-ის როლზე, TRIPP-ზე, ბაქოს პორტზე, ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე და პარტნიორების, მათ შორის საქართველოს, თურქეთისა და ყაზახეთის კოორდინაციაზე ანუ ბაქო და ერევანი საკუთარ ადგილს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში კონკრეტული პროექტებითა და კონკრეტული პარტნიორობით განსაზღვრავენ. საქართველო კი გაეროს ტრიბუნიდან ძირითადად საკუთარ ინფრასტრუქტურულ მნიშვნელობაზე საუბრობს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი

2024 წელს თავად კობახიძის გაეროს გამოსვლაში პირდაპირ ითქვა: „ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, 2030 წლისთვის შესრულდება“. 2026 წლის გამოსვლაში კი ევროკავშირში წევრობა საერთოდ აღარ არის დასახელებული საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ მიზნად.

ევროპა რჩება როგორც მიმართულება, ბაზარი და შუა დერეფნის საბოლოო სივრცე, მაგრამ აღარ ჩანს როგორც საქართველოს პოლიტიკური არჩევანისა და საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის მიზანი. ამავე დროს, არც აშშ არის დასახელებული სტრატეგიულ პარტნიორად და არც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერებულა ამ პარტნიორობის გაძლიერების ან აღდგენის მკაფიო გზავნილი.

ეს განსაკუთრებით კონტრასტულია სომხეთის პრემიერის გამოსვლასთან. ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან პირდაპირ განაცხადა, რომ ბოლო წლებში სომხეთმა დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან; რუსეთთან ურთიერთობები კი „ტრანსფორმაციის ფაზაშია“.

აზერბაიჯანის გზავნილიც კონკრეტულია: ბაქო პირდაპირ საუბრობს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, TRIPP-ზე და ახალ სატრანსპორტო-ეკონომიკურ არქიტექტურაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი გაეროს ტრიბუნიდან თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯან-სომხეთის მდგრად მშვიდობას და პარალელურად აგრძელებს სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესს. ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხვა ევროპას ვერ გააძლიერებს და ევროკავშირთან სტრატეგიული ხედვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამ ფონზე საქართველოს გამოსვლა განსაკუთრებით თვალსაჩინო კონტრასტს ქმნის. სომხეთი ამბობს - მე ვაფართოებ პარტნიორებს. აზერბაიჯანი ამბობს - მე ვაშენებ ახალ რეგიონულ კავშირებს კონკრეტულ პარტნიორებთან. თურქეთი ამბობს - მე მინდა რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი ვიყო. საქართველო კი ამბობს - მე ვარ შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყანა და მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუ ისინი ჩემს პირობებს მიიღებენ.

და აქ არის მთავარი პრობლემა: საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობა არ გამქრალა, მაგრამ მისი პოლიტიკური გამოყენების მექანიზმი სუსტდება. ქვეყანა ისევ დგას შუა დერეფნის გზაზე, ისევ აქვს შავი ზღვის გასასვლელი და ისევ აქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, მაგრამ თუ ამ ფუნქციას აღარ ახლავს მკაფიო ევროპული მიზანი, კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორობები, უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო მხარდაჭერის მოთხოვნა, გეოპოლიტიკური ფუნქცია ნელ-ნელა მხოლოდ ეკონომიკურ ფუნქციად შეიძლება გადაიქცეს.

და სწორედ ეს არის კობახიძის გაეროს გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი: საქართველო გაეროს ტრიბუნიდან აღარ საუბრობს იმაზე, როგორ უნდა დაბრუნდეს ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში. ის ძირითადად საუბრობს იმაზე, როგორ გამოიყენოს საკუთარი გეოგრაფია ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ორი რამ ერთი და იგივე არ არის.

საქართველოსთვის კი ყველაზე დიდი რისკი სწორედ ისაა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა დარჩეს, მაგრამ მისი გეოპოლიტიკური წონა შემცირდეს. ამასთან ერთად, სუსტდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერის პოლიტიკური საფუძველიც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი, ფაქტობრივი ანექსიის პროცესის პარალელურად, თბილისს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, ასევე საზღვრების დემარკაციასა და დელიმიტაციას სთხოვს.

სწორედ ამიტომ, ეს გამოსვლა მხოლოდ ერთი პოლიტიკური განცხადება არ არის. ის აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროპული ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი სულ უფრო მეტად განიხილება როგორც სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე.

საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენება, არამედ ამ მდებარეობის პოლიტიკური გაძლიერება - მკაფიო ევროპული მიზნის, ძლიერი პარტნიორობების, უსაფრთხოების გარანტიებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საერთაშორისო მხარდაჭერის საფუძველზე“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics