10:34 - 07 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 22:25:29, 1517 ნახვა

პოლიტიკა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო, მასში სანქციების მოწოდებაა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საქმეთა კომისიამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს პირველივე მოსმენის დროს, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებზე და მოწოდებაა ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, გადახედოს რეპრესიულ კანონმდებლობას.

ამასთან, სხვა რიგ პუნქტებთან ერთად, რეზოლუციაში თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, განიხილოს, თუ რა გარემოებებში მიენიჭა საფრანგეთის მოქალაქეს, ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და ასევე, თხოვნაა, შესაძლებლად მიიჩნიოს მისი ჩამორთმევა - "მისი [ბიძინა ივანიშვილის] ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს".

რეზოლუციაში საუბარია სანქციების მნიშვნელობაზეც, კერძოდ, თხოვნაა საფრანგეთის ხელისუფლებისადმი, ევროკავშირის პარტნიორებთან შეთანხმებით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მითითებული პირების მიმართ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას - მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის - "ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების კვალდაკვალ".

ამასთან, რეზოლუციაში მოწოდებაა საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება - "განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი ახალაზრდების, რომლებიც ისჯებიან დემოკრატიული ჩართულობისთვის".

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ სახელმწიფოებს, კიდევ უფრო გააძლიერონ ყურადღება საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვისადმი და განიხილონ შესაბამისი რეაგირების ზომები, მათ შორის მიზნობრივი შეზღუდული ინსტრუმენტების გამოყენება, თუ ეს დარღვევები გაგრძელდება.

რეზოლუციაში მიმართვაა საფრანგეთის მთავრობისადმი, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებს.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, რომ საჯაროდ დაგმოს საქართველოში გარე ჩარევები, რუსეთის რეჟიმის გავლენები საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

რეზოლუცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც - "მობილიზებული არიან თავიანთი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის" და ადასტურებს თავის ერთგულებას - დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამოხატვისა და პრესის თავისუფლების პრინციპებისადმი. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინაში ომამდელი შრომისუნარიანი მამრობითი სქესის მოსახლეობის 1% დაკარგა -The Economist
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში საჩემპიონო ქამარი დაკარგა, იგი რუს პიოტრ იანთან დამარცხდა
120 მილიონი ევროს ჯარიმის შემდეგ ილონ მასკმა ევროკავშირის დაშლისკენ მოუწოდა
კობახიძე ირწმუნება რომ ხალხს საავადმყოფოებში მასობრივად არ მიუმართავთ ამიტომ ისინი არ მოწამლულან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი