|
2025-07-10 11:17:28, 1618 ნახვა
ეკონომიკა
მაგთი ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდას ცდილობს
კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს. „მაგთიკომის“ - იუწყება კომუნიკაციების კომისია. მაგთიკომის განცხადებით, 2025 წლის 1 აგვისტოდან, იმ მომხმარებლებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდებათ. ეს ცვლილება კი ComCom-ის ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით 496,168 აბონენტს შეეხება. კომპანიის მხრიდან ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია. მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია საკითხს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეისწავლის. ამასთან, კომუნიკაციების კომისია დააკვირდება სხვა კომპანიების ქმედებებსაც, შეუერთდებიან თუ არა „მაგთიკომის“ დაანონსებულ ცვლილებას და მიიღებენ თუ არა ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილებებს. გაზრდილი ტარიფების პირობებში, თუ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „მაგთიკომი“ არცერთ აბონენტს არ დაკარგავს, ComCom-ის დაანგარიშებით კომპანია ყოველთვიურად 1,159,874 ლარს მიიღებს, რითიც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13,918,485 ლარით გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ 2024 წელს გამოაქვეყნა „ბენჩმარკინგის“ კვლევა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ტარიფები, ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს იყო შედარებული. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასები ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებდა, ხოლო დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური, ან უფრო იაფი იყო. კერძოდ: ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი - 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში - 17%-ით დაბალი იყო. მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტები კი, ევროპულთან შედარებით, მნიშვნელოვნად ძვირი იყო. კერძოდ: 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასს 136%-ით აღემატებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ გასულ წელს დაასრულა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის „კომპლექსური კვლევის“ პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, „მაგთიკომი“ როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ საბითუმო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოვლინდა, ვინაიდან მას სხვა კომპანიებთან შედარებით, აბონენტების, ინფრასტრუქტურისა თუ შემოსავლების კუთხით, მნიშვნელოვნად დიდი უპირატესობა ჰქონდა. სწორედ იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენცია გაუმჯობესებულიყო, ხოლო მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი და უკეთესი სერვისი მიეღოთ, ComCom-მა მაგთიკომს სხვადასხვა სახის ვალდებულებები განუსაზღვრა, რომლის აღსრულებაზე მუშაობაც ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარეობს. საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს „მაგთიკომმა“ ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე „ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე“ გაუზარდა. კერძოდ, 30 მბ/წმ-იანი პაკეტი - 50-იანი, 50 მბ/წმ-იანი პაკეტი კი 80 მბ/წმ-იანი გახადა. შესაბამისად, გაუქმდა 30 მბ/წმ-იანი პაკეტი. დღევანდელი მდგომარეობით კი, ის აბონენტები, რომლებიც 30 მბ/წმ-იან პაკეტს ყიდულობდნენ, დარჩნენ არჩევანის გარეშე - გადაიხადონ ნაკლები ინტერნეტის სიჩქარეში და იძულებულნი არიან, 50 მბ/წმ-იანი სიჩქარის პაკეტები გაზრდილი ფასებით შეიძინონ, რაც მათ არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)