|
2025-07-02 15:31:36, 863 ნახვა
პოლიტიკა
რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე იქნება გადაყვანილი. კოდექსს ახალი სამართალდარღვევებიც ემატება. უფრო კონკრეტულად, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება. ცვლილებების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება ქვეითად მოსიარულე პირებისთვისაც. ქვეითად მოსიარულე პირებს საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 10 ლარის ნაცვლად, დაჯარიმა 50 ლარი იქნება. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. იგივე ქმედება თუკი ის ჩადენილია ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)