|
2025-02-13 14:18:26, 324 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სანქციებს პოროშენკოს, კოლომოისკისა და სხვა პირების წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ძალაში შედის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესდეს ქვეყნის ექსპრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და კიდევ რამდენიმე პირს, მსხვილ ბიზნესმენებს. სანქციები, რომლებიც უვადოა, შეეხო გუშაგთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მილიარდერს, იგორ კოლომოისკის, "პრივატბანკის" ყოფილ თანამფლობელს, გენადი ბოგოლიუბოვს, ბიზნესმენ კონსტანტინ ჟევაგოს და ვიქტორ მედვედჩუკს - პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის" ყოფილ ლიდერს, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და რომელსაც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე ქონების დაბლოკვას და სხვა ეკონომიკურ ზომებს, ასევე სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას. პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო 2014 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 20 მაისამდე. 2019 წელს ის არჩევნებში დამარცხდა ზელენსკისთან მეტოქეობაში. პოროშენკო არის პარლამენტარი, ლიდერი ოპოზიციური პარტიისა "ევროპული სოლიდარობა" და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი. Forbes-ის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევით, პოროშენკო რიგით მესამე იყო უკრაინის უმდიდრეს ადამიანებს შორის კაპიტალით, რომელიც 1,4 მილიარდ დოლარს მოიცავდა. 2021 წელს მისი ქონება შეფასდა 1,6 მილიარდ დოლარად. ცოტა ხნით ადრე, სანამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრებოდა, პოროშენკოს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით. თავად პოროშენკო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას ხელისუფლება პოლიტიკური მოტივაციით დევნის. პარლამენტში მისი პარტიის წევრებმა ხუთშაბათს ტრიბუნა დაბლოკეს და გამოვიდნენ მოწოდებებით: "უკრაინა არ არის რუსეთი", "არა პოლიტიკურ რეპრესიებს", "არა დიქტატურას". ზელენსკი 12 თებერვალს გამოვიდა ვიდეომიმართვით, რომელშიც სახელების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა: „ყველამ, ვინც ანადგურებდა უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს - ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც გამოიმუშავეს არსებითად უკრაინის, უკრაინის ინტერესების, უკრაინის უსაფრთხოების გაყიდვით, უნდა დაიბლოკოს და უნდა გამოყენებულ იქნეს უკრაინისა და უკრაინელების დასაცავად“. გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ უკრაინის კიდევ ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს, კოლომოისკის, ადანაშაულებენ თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაკანონებაში. ბოგოლიუბოვი - კოლომოისკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი - უკრაინიდან 2024 წელს გაემგზავრა, როგორც ხელისუფლება აცხადებს უკანონოდ, ყალბი დოკუმენტებით. მილიარდერი კონსტანტინ ჟევაგო ეჭვმიტანილია თანხების გაფლანგვაში, რაც უკავშირდება ბანკ "ფინანსები და კრედიტის" საქმეს. ისიც უცხოეთშია, საფრანგეთმა უარი განაცხადა მის უკრაინაში ექსტრადიციაზე. პოროშენკოს, მათ შორის, ადანაშაულებენ მედვედჩუკთან თანამშრომლობაში, საქმეში, რომელიც ეხება ნახშირის შესყიდვას უკრაინის კონტროლის მიღმა მყოფ, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)