|
2025-02-05 15:19:55, 387 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ილია ინჯია “ოცნებიდან“ მიდის და ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფს ქმნიან
მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ილია ინჯიამ გააკეთა განცხადება. როგორც აღინიშნა, პოლიტიკურ ჯგუფში ასევე შევლენ პარლამენტის წევრები, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი. ამასთან, ილია ინჯიამ ვარლამ ლიპარტელიანთან და ნიკა ელისაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება. „როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)