2024-04-17 21:05:06, 409 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული?
![]() ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული?- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, "ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა". "ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ორგანიზაციებს აფინანსებენ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია. არის ვებსაიტები, რომლებზეც ყველას შეუძლია ყველა ამ დეტალის მოძიება. რაც არ არის გამჭვირვალე, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე, არ არის გამჭვირვალე, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახალი შემოტანის შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა თქვა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს",- განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ბევრი ამერიკელი პრეზიდენტი გააცურა, ტრამპი ყველაზე მეტად
![]() ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პაპის დაკრძალვაზე პირველი რიგის ადგილი დაუთმო
ომი უკრაინაში![]() ანდრეი სიბიგა - თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს
ვლადიმერ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
|