|
2024-02-02 18:16:37, 832 ნახვა
საზოგადოება
2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე აღინიშნება
ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ნაკრესი“ ინიციატივით, საფრთხეში მყოფი სახმელეთო და საზღვაო ლანდშაფტების პროგრამის (ELSP) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „აღვადგინოთ ჯავახეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები“ ფარგლებში, ღონისძიება „უნიკალური ჯავახეთი - ჭარბტენიანი ტერიტორიები და ადამიანის კეთილდღეობა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ გახსნა და განაცხადა, რომ ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ. „საქართველო მსოფლიოსთან ერთად უერთდება და აღნიშნავს ჭარბტენიანი ტერიტორიების დღეს. ჭარბტენიან ტერიტორიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკოსისტემის კონსერვაციის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით. საქართველო მდიდარია ჭარბტენიანი ტერიტორიებით. ჩვენ აღიარებული გვაქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი ჭარბტენიანი ტერიტორია. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება, რასაც ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: რამსარის კონვენცია - ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობა ადამიანის კეთილდღეობისთვის; ჯავახეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენა ფრინველებისა და ადამიანებისათვის; ჯავახეთის დაცული ტერიტორიები; ეკოტურიზმი და ადგილობრივი მოსახლეობა; ჯავახეთის ზეგანი: გლობალური მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები. ყოველწლიურად, 2 თებერვალს, მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დღე აღინიშნება. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მიერ, 2024 წლის თემად განისაზღვრა „ჭარბტენიანი ტერიტორიები და ადამიანის კეთილდღეობა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აღიარებული აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი ჭარბტენიანი ტერიტორია: კოლხეთის, ქობულეთის, ბუღდაშენის და მადათაფას ე.წ. „რამსარის საიტები“. ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ, რადგან დღესაც, მთელ მსოფლიოში, აქტიურად ხდება წყლის ობიექტების დაბინძურება, დაშრობა, შემცირება არამდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებით და ა.შ. ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)