|
2023-12-13 12:29:04, 884 ნახვა
საზოგადოება
თბილისის გარკვეულ ტერიტორიებზე, განსაზღვრულ საათებში დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება
თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. „თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა პრაქტიკულად დიდი ხნით ჩერდება“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, რეგულაცია მთელი ქალაქის მასშტაბით არ იმოქმედებს. „აღნიშნული მანქანების მოძრაობის აკრძალვა არ მოხდება მთელი ქალაქის მასშტაბით, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში, ასევე, აგვისტოში. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია საერთოდ არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო შემთხვევები ცხადია დაკავშირებულია აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებთან, როგორიცაა მაგალითად: საზოგადოებრივი ტრანსპორტი; მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი; მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის თქმითვე, აღნიშნული წესების დარღვევისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს - პირველ შემთხვევაზე, 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, საწყის ეტაპზე შეზღუდვა გარკვეულ გავლენას იქონიებს ეკონომიკურ სექტორზე, ბიზნესზე. შესაბამისად, შედგა რამდენიმე შეხვედრა ბიზნეს-ასოციაციასთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც კანონპროექტის დეტალები განიხილეს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენს აღნიშნული რეგულაცია, არის სამშენებლო სექტორი. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის როლი დღევანდელ ეკონომიკაში, ამიტომ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეფერხება, რაც არსებითად დააზიანებს, როგორც თავად ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, პოტენციური მყიდველის კუთხით“, - დასძინა კალაძემ.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



